ტოლსწორად სამხრეთელ გრანდთან

0
4

უმცროს ბორჯღალოსნებს სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან მატჩში ისტორიული, პირველი გამარჯვების მოპოვების კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ გამოცდილმა მეტოქემ მათ მიერ დაშვებული შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენა და ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში, 28:21 იმარჯვა.

ეს იყო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის პირველი მოსამზადებელი მატჩი და ორივე გუნდის მწვრთნელებს, შედეგზე მეტად თამაშის ხარისხი და კანდიდატების რეალურ წნეხში ნახვა სურდათ. მორაგბეებმაც თავი არ დაზოგეს, მოედანზე მთელი 80 წუთის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა გააჩაღეს და ტოლსწორი მატჩი გამოვიდა.

სტუმართა მორაგბეები ფიზიკური აღნაგობით გამოირჩეოდნენ და ბურთსაც სწრაფად შლიდნენ, თუმცა მეტოქეს არც უმცროსი ბორჯღალოსნები ჩამორჩნენ და ტრიბუნაზე შეკრებილი 1000-მდე მაყურებელი ორი ლამაზი ლელოთი გაახარეს. აღსანიშნავია, რომ ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ეს პირველი თამაში იყო და პირველად 20-წლამდელთა მზადების პერიოდში, მეტოქე უმაღლესი დონის იყო.

უმცროსი ბორჯღალოსნების დომინირებით

თამაში სამხრეთ აფრიკის შეტევებით დაიწყო და ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა. წითელ ზოლში მორკინალებით რამდენიმე მიძალების შემდეგ, მათ ბურთი ხაზზე გაიტანეს და ვერნერ ხოუვსმა ლელო გაიტანა, ხოლო ჯეიდენ ჰენდრიქსმა გარდასახა. ამის შემდეგ ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ. მათ მოახერხეს ბურთზე კონტროლის დამყარება, მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ და მე-20 წუთზე ლაშა ლომიძემ კარის წინ 20 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა.

მომდევნო 12 წუთში საქართველოს ორჯერ ჰქონდა ლელოს გატანის კარგი შანსი, ერთხელ ლელოს ხაზიც გადაიკვეთა, თუმცა ბურთის დამიწება ვერ მოხერხდა და ლომიძემ 32-ე წუთზე ახლოდან გატანილი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. განახლდა თუ არა თამაში, დაცვაში დაშვებული შეცდომით სამხრეთ აფრიკამ ისარგებლა და კოენ იასპერმა მეორე ლელო გაიტანა, ჰენდრიკსმა კი გარდასახვით ანგარიში 14:6 გახადა.

პირველი ტაიმის დასკვნითი 5 წუთი სრულად ქართველების იყო და ამჯერად შეტევაში ყველაფერი კარგად გამოვიდა. ფეხით გადაკიდებული ბურთი ჩვენებმა საკუთარი 22-ის სიღრმეში აიღეს და ხელდახელ შეუტიეს, თემურ კოხოძე მარცხენა ფრთაზე გაიქცა და დაახლოებით 25 მეტრი მოიგო, ლუკა ივანიშვილის ცენტრში დარტყმის შემდეგ მარცხენა ფრთაზე ხაზი სუფთად უკვე დემე თაფლაძემ გაჭრა, რომელსაც კარგად მიყვა საბა კურატაშვილი და ლელომდე დარჩენილი 22 მეტრი მაღალ სისწრაფეში დაფარა. მთლიანობაში, 80-90-მეტრიანი ხელდახელ შეტევა ლელოთი დასრულდა, გარდასახვა კი ძელმა აისხლიტა.

თამაში რომ განახლდა ცენტრში იოანე იაშაღაშვილმა დაარტყა, ლუკა მატკავამ შენიშნა, რომ მცველმაც ხაზი გატეხა და ჭრაზე ლომიძე შეიყვანა, რომელმაც შეტევა მარჯვენა ფრთაზე ზურაბ ქავთარაძეს გააგრძელებინა, ის ერთ მბოჭავს გასცდა, მეორე აიყვანა და ოფლოუდით ლელოში გიორგი მარგალიტაძე შეუშვა. ამჯერად ლომიძის გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი 18:14 დასრულდა.

გამოცდილმა მეტოქემ შეცდომები არ გვაპატია

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, აფრიკელებმა ქავთარაძეზე უხეშად ითამაშეს და ის შესაცვლელი შეიქმნა. 45-ე წუთზე ლომიძემ თავისი მესამე ჯარიმა გაიტანა და მასპინძლები 7 ქულის სხვაობით დააწინაურა, რასაც შეცვლები მოყვა და ინიციატივას სამხრეთ აფრიკა დაეუფლა.

გამუდმებით დაცვაში თამაში რთულია და 56-ე წუთზე წონასწორობა აღდგა. სტუმრებმა 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოლი დააყენეს და ჯეიჯეი კოცემ ლელო გაიტანა, ხოლო ჟოან მოსტერტმა გარდასახა. სამწუხაროდ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა ვერ მოახერხეს, საკუთარი ლელოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ, ბერნარდ ვან დერ ლინდემ ბურთი სწრაფად გაითამაშა და სანამ დაცვა მოეწყობოდა ლელო გაიტანა, ხოლო მოსტერტმა გარდასახა.

დასკვნითი 10 წუთი ჩვენმა გუნდმა შეტევებში გაატარა. გასატანი პოზიციიდან ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, რამდენჯერმე მეტოქის ხაზის გაჭრა მოხერხდა, მაგრამ სამხრეთ აფრიკამ თავი დაიცვა და 28:21 იმარჯვა.

სერიის მეორე შეხვედრა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდე ნაკრებებს შორის 5 დეკემბერს, „შევარდენზე“ 11 საათზე დაიწყება და უმცროს ბორჯღალოსნებს რევანშის შანსი ექნებათ.

მატჩის შემდეგ

მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, თამაშით კმაყოფილი იყო უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლადო კილასონია:

„თამაშს დადებითად ვაფასებ, რადგან ვეთამაშეთ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს, თუმცა როდესაც გამარჯვების რეალურ შანსს ხელიდან გაუშვებ, გულდასაწყვეტია. პირველი ნახევარი კარგი იყო, მეორე ტაიმში კი სტრატეგიული და ტექნიკური შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით დარტყმა-ახურვაში, რის გამოც 20 წუთი ჩვენს ნახევარზე გავატარეთ, ასეთი დონის გუნდები კი, მსგავს შეცდომებს არ პატიობენ. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. მეორე მატჩამდე სულ სამი დღეა და კარდინალური ცვლილებები ვერ მოესწრება. ეს დღეები აღდგენა-დასვენებას დაეთმობა, მხოლოდ ერთი ვარჯიში გვექნება და დარწმუნებული ვარ, 5 დეკემბერს უკეთესი თამაში იქნება“.

გუნდის კაპიტანი დემე თაფლაძე იმედოვნებს, რომ ნაკრები მატჩიდან მატჩამდე გაიზრდება და უკეთეს ხარისხს აჩვენებს:

„სამხრეთ აფრიკას ძალიან ძლიერი, სწრაფი ნაკრები ყავს. ჩვენ ამ გამოწვევას თამამად დავხვდით და კარგი თამაში ვანახეთ, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა. როდესაც ასეთი დონის გუნდს ასე კარგად ეთამაშები, ძალიან კარგია, მით უმეტეს, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო და მაქვს იმედი, რომ შემდეგში უფრო კარგ თამაშს ვაჩვენებთ“.

შედეგით არა, თუმცა ხარისხით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, კმაყოფილი იყო იოანე იაშაღაშვილი:

„ყველამ ვიცით რა დონის გუნდია სამხრეთ აფრიკის ნაკრები და მათთან ასეთ თამაშს ჩვენგან არავინ ელოდა. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ეს პირველი თამაში იყო და ამ დროს წნეხი ყოველთვის დიდია. პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ დავიჯერეთ რომ გამარჯვება შეიძლებოდა, მეტოქეს თამაშში ავყევით, ბურთი დავუთმეთ, ბევრი შეცდომები დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ. მთლიანობაში კმაყოფილები ვართ, რადგან ბევრი კარგი რამ და ასევე შეცდომები დაგვანახა, რასაც შემდეგ თამაშებში გამოვასწორებთ და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ“

თბილისი. „შევარდენი“. 1000 მაყურებელი
საქართველო U19 – სამხრეთ აფრიკა U19 21:28
საქართველო: 15. გიორგი მიქანაძე (აკადემია), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი, კაპ.), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. მამუკა მსტოიანი (აკადემია), 2. საბა კურატაშვილი (არმაზი), 3. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), 5. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), 6. საბა კურტანიძე (ხვამლი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი).
მარქაფა: 16. საბა ხონელიძე (აია), 17. ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები), 18. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 19. ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი), 20. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი); 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. სერგი ჩხაიძე (იუნკერები), 23. ირაკლი სიმსივე (აია); 24. გიორგი სინაურიძე (აია), 25. დავით ლომიძე (ხარები), 26. თემო ჭიჭინაძე (ორიაკი), 27. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 28. გივი ცინცაძე (არმაზი), 29. ლევან ბრაგვაძე (არმაზი).
2 ლელო: კურატაშვილი, მარგალიტაძე
1 გარდასახვა: ლომიძე
3 ჯარიმა: ლომიძე

სამხრეთ აფრიკა: 15. კოენ იასპერი (ფრი სტეიტი), 14. მუზი მანიკე (გოლდენ ლაიონსი), 13. ზველენდაბა მნობო (ვესტერნ პროვინსი), 12. დევიდ კელერმენი (ბლუ ბულზი), 11. სტრავინო ჯეიკობსი (ბლუ ბულზი), 10. ჟოან მოსტერტი (ვესტერნ პროვინსი), 9. ჯეიდენ ჰენდრიქსი (შარქსი); 1. თაბისო მდლესტშე (შარქსი), 2. ჯეიჯეი კოცე (ვესტერნ პროვინსი), 3. არნო ჯეიკობსი (შარქსი), 4. ლუნგა ნცუბე (შარქსი), 5. ადრიან ალბერტსი (გოლდენ ლაიონსი), 6. ლინდო ნკუსანე (გოლდენ ლაიონსი), 7. ვერნერ ხოუვსი (ბლუ ბულზი), 8. ვილემ სტეენკამპი (ბლუ ბულსი).
მარქაფა: 16. ჯეისონ ალექსანდერი (ვესტერნ პროვინსი), 17. ბენელე მტენჯანე (გოლდენ ლაიონსი), 18. სიფეკალე დუბე (შარქსი), 19. ვერნერ კუცია (შარქსი), 20. ტომას ბარსი (ვესტერნ პროვინსი), 21. ეთან ვენტცელი (ვალკე), 22. დილან დე ლოუ (ვესტერნ პროვინსი), 23. მორნე ბრანდონი (გოლდენ ლაიონსი), 24. დევალდ დონალდი (ბლუ ბულზი), 25. თაბო ნდიმანდე (ვალკე), 26. დიეგო აპოლისი (ბლუ ბულზი), 27. კინან ტვიგი (ლეოპარდსი), 28. რაინარდტ ჯონკერი (შარქსი), 29. ბერნარდ ვან დერ ლინდე (ბლუ ბულზი).