ლეო მესის სარეკორდო, მეექვსე “ოქროს ბურთი”

0
3
პარიზში “ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებულ ცერემონიაზე “ოქროს ბურთი” “ბარსელონას” თავდამსხმელ ლეო მესის გადაეცა. არგენტინელი მეექვსედ გახდა ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო პრიზის მფლობელი – ეს რეკორდია.
ლიონელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამაც აღიარა. მან წელს ყველა ტურნირზე 54 მატჩში 46 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მეორე ადგილზე “ლივერპულის” მცველი ვირგილ ვან დეიკი გავიდა, ხოლო მესამეზე “იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ.
პირველ ათეულში აგრეთვე შევიდნენ: 4. სადიო მანე (ლივერპული), 5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), 6. კილიან მბაპე (პსჟ), 7. ალისონი (ლივერპული), 8. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), 9. ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), 10. რიად მარეზი (მანჩესტერ სიტი).
რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის.
ვან დეიკი პრემიერლიგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც 2008 წლის შემდეგ ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.
“ოქროს ბურთი” ზედიზედ მეთერთმეტედ ლა ლიგას ფეხბურთელმა მოიგო: 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში მესიმ, 2013 და 2014 წლებში რონალდუმ, 2015 წელს მესიმ, 2016 და 2017 წლებში რონალდუმ და 2018 წელს ლუკა მოდრიჩმა.
“ოქროს ბურთის” მეექვსედ მოგების შემდეგ “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლეო მესიმ ემოცია ვერ დამალა.
“მახსოვს, პირველი “ოქროს ბურთის” მისაღებად პარიზში სამ ძმასთან ერთად რომ ჩამოვედი. მაშინ 22 წლის ვიყავი. მაშინ ემოციური საღამო იყო, ისევე როგორც დღეს. ამ 10 წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში იმდენი განსაკუთრებული რამ მოხდა. აი, ახლა, მე აქ ვარ, მეუღლესთან, სამ შვილთან, ძმასთან და ძმის შვილთან ერთად.
ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ოცნებას არ ვიშლიდი, ვიზრდებოდი, დღიდან დღემდე სრულყოფილებისაკენ ვილტვოდი და ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებდი.
მადლობა ღმერთს, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც ასე მიყვარს და ღმერთს სურს, კიდევ რამდენიმე წელიწადი თამაშით დავტკბე.
ვიცი, რამდენი წლის ვარ. ასეთი მომენტები განსაკუთრებულია, რადგან ფეხბურთიდან წასვლის დრო ახლოვდება, ეს კი მძიმეა. გავიმეორებ, თუმცა კიდევ რამდენიმე წელიწადი დამრჩა, მეჩვენება, რომ დრო გარბის და ყველაფერი ისე სწრაფად ხდება. იმედია, გავაგრძელებ ფეხბურთით, ოჯახით, მეტოქეებით და ჩემი ცხოვრებით სიამოვნების მიღებას”, – მესის Marca ციტირებს.