მესიმ მეშვიდასე მატჩშიც გაიბრწყინა, კლოპმა მეასე ვერ მოიგო…

0
12
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა და პლეი ოფში გასული კიდევ ორი გუნდის ვინაობა გაირკვა.

“ვალენსიასა” და “ჩელსის” შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩში ანგარიში მე-40 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი კარლოს სოლერმა გამოიჩინა. სტუმრებმა წონასწორობა ერთ წუთში აღადგინეს. გოლი მატეო კოვაჩიჩმა გაიტანა. 50-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა “არისტოკრატები” წინ გაიყვანა. 65-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა დანი პარეხომ პენალტი ვერ გაიტანა. საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე დანიელ ვასმა დააფიქსირა.
ბოლო ტურში “ვალენსია” “აიაქსს” ესტუმრება, ხოლო “ჩელსი” “ლილს” მიიღებს.
“ლივერპული” და “ნაპოლი” დაზავდნენ – 1:1. “ლივერპული” 10 ქულით ლიდერია, “ნაპოლი” კი ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ფაბინიომ მე-19 წუთზე ირვინგ ლოსანოსთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო და ჯორჯინიო ვეინალდუმმა შეცვალა.
“წითლების” მწვრთნელ იურგენ კლოპისთვის ეს ევროტურნირებზე მეასე მატჩი იყო – 52 მოგება, 23 ფრე და 25 წაგება.
“ზალცბურგმა” სტუმრად “გენკი” 4:1 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა – ამისათვის ბოლო ტურში სახლში “ლივერპულს” უნდა მოუგოს.
“ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე უპრობლემოდ 3:1 სძლია “დორტმუნდს” და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
მესიმ “ბარსელონაში” ჩატარებულ მე-700 მატჩში გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მან ტურნირზე 34 სხვადასხვა გუნდს გაუტანა და რეკორდი დაამყარა. ამასთან, სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
ლუის სუარესს ზედიზედ მე-15 სეზონში ყველა ტურნირზე ათზე მეტი გოლი გააქვს.
26-ე წუთზე “ბარსას” თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და ანტუან გრიზმანმა შეცვალა, რომელმაც ექვსმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და ტურნირზე კატალონური გუნდის შემადგენლობაში პირველად გაიტანა.
მან მეტოქის კარი მესის პასით დალაშქრა – უკანასკნელად ეს 24 სექტემბერს “ვილიარეალთან” მოხდა.
“დორტმუნდმა” ყველა ტურნირზე ბოლო 3 შეხვედრიდან 2 წააგო, ერთი ფრედ დაასრულა და 10 გოლი გაუშვა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური შემდეგმა რვა გუნდმა გაინაღდა: პსჟ, “რეალი”, “ბაიერნი”, “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ სიტი”, “იუვენტუსი”, “ბარსელონა” და “ლაიპციგი”.