პსჟ-ს და “რეალის” ფრე, ლევანდოვსკის სარეკორდო პოკერი, მოურინიოს შთამბეჭდავი შედეგი

0
15
“რეალსა” და პსჟ-ს მოპოვებული ჰქონდათ პლეი ოფის საგზური და ისღა უნდა გაერკვიათ, რომელი დაიკავებდა პირველ და რომელი მეორე ადგილს. პარიზულმა გუნდმა ლამის შეუძლებელი შეძლო, გასვლაზე “ბლანკოსს” 0:2-დან ოთხ წუთში თამაში შემოუტრიალა, ფრეს მიაღწია და პირველი ადგილი დაიბევა.
მსაჯმა 42-ე წუთზე “რეალის” კარში პენალტი დანიშნა, მეკარე კურტუას კი წითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები გააუქმა.
პსჟ-მა მიმდინარე ტურნირზე პირველი, შემდეგ კი მეორე გოლი გაუშვა.
“რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩის ჩამტარებელი მეორე ფრანგია – აქამდე 100-ჯერ პატრის ევრამ ითამაშა.
“სამეფო გუნდის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა 66-ე წუთზე ტრავმა მიიღო და გარეთ ბეილმა შეცვალა.
A ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 13 ქულით პსჟ ლიდერობს, ,,რეალი” კი 8 ქულით მეორე პოზიციაზეა.
მიუნხენის “ბაიერნი” წინა ტურში გავიდა შემდეგ ეტაპზე, ახლა კი სტუმრად “ცრვენა ზვეზდა” 6:0 გაანადგურა. ბავარიელთა პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ პოკერი შეასრულა (ეს ტურნირზე ყველაზე სწრაფი პოკერია – 14 წუთი და 31 წამი). ის 46 გოლით ტურნირზე “ბაიერნის” ბომბარდირი გახდა, მთლიანობაში კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 30 შეხვედრაში 33 გოლია.
პოლონელი ფორვარდი 10 გოლით მიმდინარე ტურნირის ბომბარდირია.
“ბაიერნმა” მწვრთნელ ნიკო კოვაჩის გადაყენების შემდეგ ოთხი მატჩი საერთო ანგარიშით 16:0 მოიგო.
“ტოტენჰემმა” სახლში “ოლიმპიაკოსს” 0:2-დან შემოუტრიალა თამაში, 4:2 დაამარცხა და პლეი ოფს უწია.მასპინძელთათვის მატჩი ცუდად დაიწყო. მეექვსე წუთზე “ოლიმპიაკოსი” დაწინაურდა. თავი ელ არაბიმ გამოიჩინა. მე-19 წუთზე რუბენ სემედუმ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. “ტოტენჰემმა” სხვაობა პირველი ტაიმის მიწურულს შეამცირა. გოლი დელე ალიმ გაიტანა. პირველი ტაიმის წაგების შემდეგ ლონდონელებმა მეორე ნახევარში სამი გოლი გაიტანეს. 50-ე წუთზე ჰარი კეინმა ანგარიში გაათანაბრა. 73-ე წუთზე “ტოტენჰემი” წინ სერჟ ორიემ გაიყვანა. 4 წუთში კი კეინმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, მესამე ინგლისურმა გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. ის პირველი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით პლეი ოფში 6 სხვადასხვა გუნდი გავიდა, რაც რეკორდია. ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა და ამ სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩში 23 გოლი გაიტანა.