საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიაშია

0
14

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩის გასამართად სენტ გალენიდან ხორვატიის ქალაქ პულაში ჩარტერული რეისით ჩავიდა. წლის ბოლო შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდი 23 ფეხბურთელით მოემზადება. შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრების წევრმა ზურიკო დავითაშვილმა, 21 წლამდე ნაკრებში გადაინაცვლა. 18 წლის ფეხბურთელი ხორვატიასთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩის ნაცვლად, ახალგაზრდულ ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრაში დაეხმარება. 18 ნოემბერს საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, ქალაქ პულაში ფეხბურთელებს აღდგენით ვარჯიში ჰქონდათ და ხორვატიასთან შეხვედრისთვის სრული დატვირთვით 17 ნოემბრიდან მოემზადებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

ხორვატიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 19 ნოემბერს პულას ალდო დროსინას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.