ბითაძემ ლიდერ მილუოკისთან 12 წუთში შვიდი ქულა მოაგროვა

0
23

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა შინაურ არენაზე აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ მილუოკი ბაქსს უმასპინძლა და 83:102 დამარცხდა.

გასულ შეხვედრაში ინდიანელებს ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი დაუბრუნდათ, რომელმაც 30 ოქტომბერს ბრუკლინ ნეტსთან მატჩში მიღებული ტრავმა მოიშუშა, ამდენად, ქართველი ლეგიონერი თამაშში ამჯერადაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ბითაძე მოედანზე პირველი მეოთხედის მიწურულს გამოჩნდა და მოედანზე ხუთი წუთი გაატარა, რა დროშიც მეტოქის ფარს ერთადერთხელ შეუტია, თუმცა, მისი სამქულიანი არაზუსტი გამოდგა. ქართველ ცენტრს აქტივში ერთი მოხსნა ჰქონდა, პასივში კი – ამდენივე დაკარგვა. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში, მასპინძლებმა სტუმრებზე ორი ქულით ნაკლები ჩააგდეს.

დასკვნითი მეოთხედის შუაწელს ინდიანა მეტოქეს 18 ქულით ჩამორჩა და მასპინძელთა თავკაცმა ნეიტ მაკმილანმა საქმეში სათადარიგო კალათბურთელები უკვე თამამად ჩართო. შედეგად, ბოლო წუთები გოგამაც შეუცვლელად ითამაშა და ფარქვეშიდან აღებულ ოთხ ქულას ზუსტი სამქულიანიც წაამატა. საბოლოო ჯამში, ბითაძემ მოედანზე 12 წუთი გაატარა და მის აქტივში 7 ქულა და ერთი მოხსნა იყო. ქართველმა ლეგიონერმა სამიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, მისი მოედანზე ყოფნისას კი, პეისერსმა მოწინააღმდეგეზე სამი ქულით ნაკლები მიითვალა.

ინდიანას რიგებში საუკეთესო ხსენებული ტერნერი (16 ქულა, 11 მოხსნა) იყო. ასევე ორმაგი დუბლი (11 ქულა, 14 მოხსნა) შეასრულა ლიტველმა დომანტას საბონისმა, ტი ჯეო უორენმა კი 15 ქულა ჩააგდო. მილუოკის, ტრადიციულად, იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა. ბერძენი ვარსკვლავის მონაგარი 26 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი გახლდათ.

პეისერსს 7 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 ნოემბრის დილას, თბილისის დროით 04:30 საათიდან, სტუმრად, ბრუკლინ ნეტსთან გამართავს.