გოგა ბითაძის საუკეთესო კოეფიციენტი ჰიუსტონში

0
20

ტრავმით გამოწვეული სამმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, “ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, გოგამ ტვინის შერყევა 6 ნოემბერს, “ვაშინგტონ ვიზარდსთან” შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ საქმეს ჩამოშორებული გახლდათ. ქართველმა ლეგიონერმა ექმებისგან მწვანე შუქი გუშინ მიიღო და გუნდთან ერთად ჰიუსტონში გაემგზავრა, დღეს კი, “როკეტსთან” წაგებულ (102:111) მატჩში 18 წუთი ითამაშა.

ბითაძე პარკეტზე მეორე მეოთხედის სტარტზე გამოჩნდა და მალევე ორი საჯარიმო ჩააგდო, რასაც შედეგიანი პასიც მიამატა. დიდ შესვენებამდე, გოგამ 7 წუთი ითამაშა და აქტივში 2 ქულა, 3 მოხსნა, თითო პასი და  დაფარება ჰქონდა, ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ქართველი ლეგიონერის საქმეში გამოჩენის დროს პეისერსი 22:26 აგებდა, ჩვენებურის სკამზე დაბრუნებისას კი ინდიანელები 47:40 ლიდერობდნენ. გოგას გასვლის შემდეგ, სტუმრებმა შესვენებამდე დარჩენილი პერიოდი 2:14 (!) წააგეს და “ჰიუსტონმა” ხუთქულიანი უპირატესობა მოიპოვა 54:49.

ქართველი ცენტრი მოედანზე მეორედ მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2:22 წუთით ადრე გამოჩნდა. ამ დროს, “პეისერსი” 67:75 მარცხდებოდა. გოგამ პირველივე შეტევაში ფარქვეშიდან ორქულიანი მიითვალა და გაქცევას დაუდო სათავე, რომლის შემდეგაც ანგარიში საყაიმო გახდა.

სტუმართა თავკაცმა ნეიტ მაკმილანმა ჩვენებური დასკვნითი მეოთხედის დაწყებიდან მალევე დაასვენა, თუმცა, შეხვედრის დასკვნითი 5 წუთი ისევ საქმეში ჰყავდა, რა დროშიც ქართველმა ალეუპს დანქი მიაყოლა და საბოლოოდ, ბითაძის პარკეტზე ყოფნის პერიოდში, “ინდიანამ” ჰიუსტონზე 19 ქულით მეტი მიითვალა.