ნიკა კვეკვესკირი: “მარტის ისტორიული მატჩის წინ უახლოესი შეხვედრების შედეგი ნაკრებზე დიდ გავლენას მოახდენს”

0
14

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ყველა მოთამაშე, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
გუშინდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნიკა კვეკვესკირმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა. ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო ოთხი სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა და წლის ბოლო ორი შეხვედრის მზადების პროცესში აქტიურადაა ჩართული.
 ნიკა კვეკვესკირი: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ, სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ.
ყველამ კარგად ვიცით, რა დონის ნაკრები ჰყავს შვეიცარიას, ამასთან ერთად მას ჩვენთან მოგება ძალიან სჭირდება რათა ევრო 2020-ზე იასპარეზონ. ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდს საკუთარი მიზნები აქვს, ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნაში, რამდენიმე ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, შანსი მიეცემა.
ვფიქრობ, რომ მარტში გასამართი ისტორიული მატჩის წინ უახლოეს ორ თამაშში ნაჩვენები შედეგი ეროვნული ნაკრების თავდაჯერებულობაზე დიდ გავლენას მოახდენს. შვეიცარიის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ხორვატიას დავუპირისპირდებით, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩემი აზრით, ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თავდაჯერებულობისთვის აუცილებელია.
მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ყველა ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის მოლოდინში ვართ”.