თორნიკე შენგელია – ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე…

0
5

ევროლიგის მეშვიდე ტური წარუმატებელი აღმოჩნდა შენგელიას “ბასკონიასთვის”. ესპანური გუნდი მილანში “არმანი ჯინსს” შეხვდა და 74:81 წააგო. არადა, თამაში თანაბრად მიდიოდა, პირველ ნახევარში უფრო ხშირად ბასკონიელები ლიდერობდნენ. მესამე პერიოდის შემდეგაც ისეთი ანგარიში იყო (56:53), შეხვედრა ბრძოლაში უნდა ჩამთავრებულიყო, თუმცა ოთხწუთიანი მონაკვეთი მასპინძლებმა 14:2 მოიგეს და 15 ქულით დაინაურდნენ. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, შენგელიას დიდი მოწადინების მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში მისმა შედეგიანობამ 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება შეადგინა. ქართველმა ფორვარდმა ექვსიდან სამი ორქულიანი, ორიდან ერთი სამიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც ესპანურ გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ქართული პასპორტის მქონე მეტ ჯენინგმა 23 წუთში 5 ქულა ჩააგდო, ბომბარდირი კი ნიკ სტაუსკასი გახდა 15 ქულით.

სამი მოგებითა და ოთხი მარცხით “ბასკონია” 18-გუნდიან ევროლიგაში მე-12 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 14 ნოემბერს, შენგელიას გუნდი თელ ავივის მაკაბის უმასპინძლებს.