გოგა ბითაძის რეკორდები გრძელდება: 13 ქულა 20 წუთში!

0
35

“ინდიანა პეისერზის” ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 13 ქულის სახით პირადი რეკორდი დააფიქსირა. ეს მოხდა  მატჩში, რომელშიც ინდიანელებმა “ვაშინგტონ უიზარდსს” უმასპინძლეს და 121:106 დაამარცხეს. ეს გახლდათ ინდიანას მეოთხე გამარჯვება მერვე მატჩში და ამ შედეგით ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.

ბითაძემ 20:06 წუთი ითამაშა და ამ დროში მოახერხა 13 ქულის ჩაგდება. ქართველმა ცენტრმა ოთხიდან ორი ორქულიანი, ორიდან ერთი სამიანი და რვიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. როგორც ხედავთ, ბითაძე საკმაოდ აქტიური იყო სამწამიან ზონაში, რადგან მას რვაჯერ მოუწია საჯარიმოს სროლა. მან მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და სამი პერსონალური შენიშვნა მიიღო (წინა ორ შეხვედრაში 6-6 ფოლით გავარდა). სამწუხაროდ, შეწყდა მისი საოცარი სერია დაფარებებში (ზედიზედ სამ მატჩში 4-4 დაფარება), “ვაშინგტონთან” მას ბლოკ-შოტი არ ჰქონია. +/- კოეფიციენტი ბითაძეს გუნდში ყველაზე ცუდი ჰქონდა – 9.

ინდიანას წინა ხაზის ხუთეულის წევრებიდან – მაილს ტერნერი, დომანტას საბონისი – ლიტველი გამოჯანმრთელდა და მან სასტარტო ცენტრის პოზიციაზე ითამაშა. 20 წლის ქართველმა ახალბედამ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, თუმცა მოედანზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა.

გოგამ შესანიშნავად ითამაშა პირველ ნახევარში – 8:31 წუთში 11 ქულა ჩააგდო (ერთი სამქულიანი), რასაც თითო მოხსნა და პასი მიუმატა. პირველ ორ მეოთხედში გოგა მხოლოდ მაკდერმოტს (17 ქულა) ჩამორჩა. ინდიანამ პირველი ნახევარი 8 ქულის სხვაობით მოიგო.

გოგა მოედანს მესამე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაუბრუნდა. მეორე ნახევარში ქართველმა ოდნავ მეტი ითამაშა, თუმცა მონაგარს ბევრი ვეღარ შემატა.

“ინდიანას” რიგებში 22 ქულა ტი ჯეი უორენმა ჩააგდო, 19 – დაგ მაკდერმოტმა, 18 – აარონ ჰოლიდეიმ. საბონისის ანგარიშზე 13 ქულა, 17 მოხსნა და 7 პასია. დამარცხებულთა რიგებში ბრედლი ბილმა 30 ქულა ჩააგდო, ხოლო გოგას ვიზავი თომას ბრაიანტმა 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

მომდევნო მატჩს ინდიანა საკუთრ არენაზე, 9 ნოემბერს, ჩვენი დროით დილის 04:00 საათზე, “დეტროიტ პისტონზთან” გამართავს.