მაკარიძე “სპორტინგს” სურს

0
17

სეტუბალის ”ვიტორიას’ ქართველი მეკარის, გიორგი მაკარიძის გადაბირება ლისაბონის ”სპორტინგს” სურს. ინფორმაციას ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A Bola ავრცელებს. ტრანსფერის განხორციელება ზამთარშია მოსალოდნელი.

ამჟამად ლისაბონის ”სპორტინგის” პირველი მეკარე ბრაზილიელი რენან რიბეიროა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის 10 მატჩში 12 გოლი გაუშვა, რაც ცხადია ძალიან ცუდი მაჩვენებელია, როცა ქართველმა მეკარემ მხოლოდ 6 გოლი გაუშვა და 7 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

გასულ ტურში ”ბოავიშტასთან” მოგებულ თამაშში მაკარიძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მაკარიძემ მაღალი დონის გუნდებში ჩაშლილი ტრანსფერები გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ 2019-20 წლების სეზონში თავს კარგად წარმოაჩენს და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდს შეუერთდება:”დიდ გუნდში გადასვლის სამი შესაძლებლობა მქონდა, თუმცა არც ერთი გამოვიდა. 2008 წელს ”დორტმუნდში” შოთა არველაძის დახმარებით ერთი კვირით ჩავედი, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი იყო. დეკემბერში გერმანიიდან წამოსვლის წინ გუნდის დირექტორმა მითხრა, რომ ენის სწავლის დაწყება უკვე შემეძლო და იანვარში ”დორტმუნდის” ფეხბურთელი გავხდებოდი. მაშინ დეკემბერი იყო,  დანარჩენზე ჩემს ინგლისელ აგენტთან ისაუბრებდა.

”დინამოსთან” კონტრაქტი დამთავრებული მქონდა და გერმანულ კლუბს ჩემს სანაცვლოდ სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევდა. ამ ფაქტორის მიუხედავად კლუბის დირექტორი და აგენტი ვერ შეთანხმდნენ. პარალელურად ”ლე მანი” გადაწყვეტილების მისაღებად მცირე დროს მაძლევდა, ფრანგული კლუბი კონტრაქტის გაფორმებისკენ მაჩქარებდა. გერმანულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას ერთი კვირა ველოდებოდი, აგენტი დროს მიწელავდა და ბოლოს ვუთხარი, რომ ”ლე მანის” შემოთავაზებულ კონტრაქტს ხელს ვაწერდი. და ასეც მოხდა, ჩემი მომავალი ფრანგულ გუნდს დავუკავშირე. იმ პერიოდში ”ლე მანი” საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო.

2011 წელს პსჟ-დან რეალური დაინტერესება იყო, პარიზული კლუბი მეორე მეკარედ განმიხილავდა, თუმცა ამ დროს კლუბი ყატარელმა შეიხმა შეიძინა და გუნდში ყველაფერი შეიცვალა. 2017 წლის ზაფხულში ლისაბონის ”ბენფიკაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი, რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული. ”ბენფიკასთან” წინასწარი კონტრაქტიც გავაფორმე, თუმცა მეც არ ვიცი რა მოხდა და რატომ ვერ გავხდი ”ბენფიკას” ფეხბურთელი. ”ბენფიკაში” თამაშის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ  ”ბრაგაში” პირველ მეკარეობაზე უარი ვთქვი.”