გოგა ბითაძის სასტარტო ხუთეული, 6 ქულა, 11 მოხსნა და 4 დაფარება

0
21

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ტრავმირებული მაილს ტერნერის და დომანტას საბონისის არყოფნაში, ინდიანა პეისერსის სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მე-2 მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი ზედიზედ 3 მოგების შემდეგ, სეზონში მე-4 მარცხი განიცადა.

ინდიანელები ამჯერად შარლოტს სტუმრობდნენ და ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის (ის დარბაზში იყო და გუნდს აქტიურად ქომაგობდა) მფლობელობაში მყოფ ჰორნეტსთან ოვერტაიმში 120:122 წააგეს. პეისერსმა პირველ მეოთხედში 15-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და შემდეგ სხვაობა 19 ქულამდეც ავიდა, თუმცა, ბოლო მეოთხედი “ჩაუვარდა” (21:35) და ვეღარც ოვერტაიმში იყოჩაღა. უცნაური იყო ისიც, რომ მასპინძლებმა 42 საჯარიმო ესროლეს, სტუმრებმა კი – მხოლოდ 7.

ბითაძემ მოედანზე მისთვის სარეკორდო 31:48 წუთი გაატარა და მეტსაც ითამაშებდა რომ არა 6 პერსონალური ფოლი. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ჯარიმების გამო თამაში ზედიზედ მეორედ დაასრულა და უდავოა, რომ ამ მიმართულებით მეტი მუშაობა მართებს.

სამაგიეროდ, გოგას აქტივში 6 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 4 პასი და 4 დაფარება ჰქონდა, რაც ლიგის ახალბედისთვის ჩინებული სტატისტიკაა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენებურმა 4 ბლოკ-შოტი მიჯრით მე-3 შეხვედრაში მიითვალა, რაც ურთულესი გასაკეთებელია.

ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანელებმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.