“ბასკონიამ” “ბაიერნი” გაანადგურა, თორნიკე შენგელია კვლავ საუკეთესოა!

0
19

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ესპანურმა “ბასკონიამ” ევროლიგის მე-6 ტურში 93:60 გაანადგურა გერმანულული “ბაიერნი” და ცხრილში მე-7 ადგილამდე აღზევდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფორვარდი გახდა, რომელიც ევროლიგაში შეუჩერებელია.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 25:51 წუთი დაჰყო. თოკოს უკვე პირველ მეოთხედში 13 ქულა ჰქონდა, საბოლოოდ კი, შეხვედრა 19 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასით, თითო ჩაჭრით და დაფარებით დაასრულა. თიორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი, ორივე სამქულიანი და ხუთივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.

შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. შენგელიას შემდეგ, მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მეტ ჯენინგი იყო, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

მატჩის შემდეგ თორნიკემ კომენტარი გააკეთა: “ჩვენი ქომაგების თვალწინ ვთამაშობდით და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავაკეთეთ. მიხარია, რომ კარგ შედეგს მივაღწიეთ. ჩემთვის MVP-ს ტიტული პირველხარისხოვანი არაა. მთავარია, რომ გუნდმა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში დამაჯერებლად ითამაშა და კარგი იქნება, თუკი ასე გავაგრძელებთ”.

ბასკური კლუბი 3-3 მოგება-წაგებით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 ნოემბერს, სტუმრად, იტალიურ “მილანთან” ჩაატარებს.