შენგელია-შერმადინის 36 ქულა ესპანეთის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში

0
33

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურის დასკვნით მატჩში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” სტუმრად გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფეს” 79:78 სძლია, ქართველმა ლეგიონერებმა კი ჯამში 36 ქულა ჩააგდეს.

ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო. შერმადინმა მოედანზე 32:16 წუთი გაატარა და 16 ქულა,4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. საინტერესოა, რომ ქართველმა ცენტრმა 8-ვე ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ერთი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი სამჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გიოს მასპინძელთა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (25) ჰქონდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ უბერებელმა ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა 22 ქულას 6 პასი წაამატა.

შენგელიამ 29:53 წუთი ითამაშა და აქტივში 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, თითო ჩაჭრა-დაფარება ჰქონდა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 7-ჯერ დაირღვა.

თორნიკე სარგებლიანობის კოეფიციენტით (20) თბილისის “ვითას” ყოფილ წევრ პიერია ჰენრის (24 ქულა) და არგენტინელ პატრისიო გარინოს (21 ქულა) ჩამორჩა.

“ბასკონიას” და “იბეროსტარ ტენერიფეს” 3-3 მოგება-წაგება მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეზობლად – მეშვიდე-მერვე ადგილებზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს ბასკური კლუბი მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს, ხოლო ტენერიფელები ესტუდიანტესს ესტუმრებიან.