დიდებული თორნიკე შენგელია

0
24

თორნიკე შენგელიას საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა ევროლიგის მეოთხე ტურის მატჩში დიდებულად ითამაშა და “ოლიმპიაკოსის” დამარცხებაში ლომის წილი დაიდო. ბასკონიელებმა ბერძნულ გუნდს ვიტორიაში უმასპინძლეს და 82:66 სძლიეს, შენგელია კი მატჩის MVP გახდა.

თორნიკემ 29:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულას, 9 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. შენგელიამ 16-დან 9 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა. საერთო ჯამში შენგელიას მატჩში ყველაზე მეტი სარგებლიანობის ინდექსი – 28 დაუგროვდა. ამ მხრივ მის შემდეგ ბასკონიელთაგან იუსუფა ფოლი მოდის, რომელმაც 8 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა პიერია ანრიმ მოაგროვა, ხოლო ნიკოლას სტაუსკასმა – 11.

ნამატჩევს შენგელიამ კომენტარი გააკეთა: “სასიამოვნოა, რომ ამ თამაშის მოგება შევძელით. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. ჩვენს თამაშში პრობლემები იყო, მაგრამ ამ საღამოს მათი გამოსწორებისთვის ვიზრუნეთ. გულშემატკივრებს, ქალაქს და ჩვენ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ”.

ორი მოგებითა და ორი მარცხით “ბასკონია” 18-გუნდიან ევროლიგაში  მეშვიდე ადგილზეა. შემდეგი ტურის მატჩს შენგელიას გუნდი 29 ოქტომბერს, ლიონში “ვილერბანთან” გამართავს.