შერმადინის იოლი მოგება მანრესაში

0
13

ესპანეთის ჩემპიონატში მეხუთე ტურის მატჩი გამართა გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარმა” და იოლი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები ქალაქ მანრესაში ეთამაშნენ ამავე სახელწოდების გუნდს და 20 ქულის სხვაობით – 81:61 გაიმარჯვეს. ტენერიფელთა გამარჯვებაში დიდი წილი ქართველ ცენტრზე მოდის, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:19 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 18 ქულა შეადგინა. გიორგი კარგად გაისარჯა ფარქვეშ და თავი 9 მოხსნას მოუყარა, რასაც თითო ჩაჭრა-დაფარება მოაყოლა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 26 შეადგინა, რაც 2-ით ნაკლები გახლდათ მის თანაგუნდელ სანტიაგო იუსტას მონაგარზე, რომელმაც 21 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ხუთი ტურის შემდეგ შერმადინის გუნდს 3 მოგება აქვს და 18-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” გამართავს.