ვლადიმირ ვაისი: “მეორე ტაიმში კონცენტრაციის პრობლემა გვქონდა”

0
20

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრა გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარა. ვიქტორიას სტადიონზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, ლევან შენგელიას გადაცემით გიორგი ხარაიშვილმა ისარგებლა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე 21-ე წუთზე ჯაბა კანკავამ გაზარდა, კაპიტანმა მეტოქეს ეფექტური შორეული დარტყმით გაუტანა. ​

​მეორე ტაიმში თამაშის სცენარი შეიცვალა. მე-60 წუთზე მეტოქესთან შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმის გამო გიორგი ხარაიშვილმა მოედანი დატოვა. გეტებორგის ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა. ამ მომენტიდან ექვს წუთში მეტოქემ სხვაობა შეამცირა, სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით კასიარომ დაასრულა. ანგარიში 74-ე წუთზე გათანაბრდა, კუთხურის შემდეგ, გიბრალტარელთა კაპიტანმა, როი ჩიპოლინამ გაიტანა. შეხვედრის დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა აქტიურად შეუტია და 84-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

გიბრალტარის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა:
ვლადიმირ ვაისი: “რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ.
პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა.
სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვაში და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად ორი გოლი მივიღეთ.
გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და  მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და  მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო.”

გიბრალტარი 2:3 საქართველო
ვიქტორია, გიბრალტარი
გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა (82′ ბარნეტი), სერჟანტი, კასიარო, ბადრი (81′ ანდ. ერნანდესი), უოლკერი (89′ პონსი), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მუელჰი, დე ბარი, ბრიტო​
მთავარი მწვრთნელი: ხულიო რიბასი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (90+3′ კვერკველია), კანკავა, ანანიძე, შენგელია, ყაზაიშვილი, ხარაიშვილი (60′ კიტეიშვილი), ლობჯანიძე (68′ ქვილითაია)
​სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, აბურჯანია, ტაბიძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
​მსაჯები: პაოლო ვალერი (იტალია), ალესანდრო გიალატინი (იტალია), სტეფანო ალასიო (იტალია), მაურიციო მარიანი (იტალია)
​გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (21), 1:2 კასიარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით, მერვე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიის წინააღმდეგ სტუმრად 15 ნოემბერს სენტ გალენში გამართავს.