ბორჯღალოსნები – ბრძოლაში ავსტრალიასთან

0
4

ბორჯღალოსნებმა ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა უმეტესად დაცვაში მოუწიათ თამაში და მეტოქეს მისაღები სხვაობით, 8:27 ჩამორჩნენ. ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასზე. ბორჯღალოსნებმა თავის მეხუთე ტურნირზე გაიტანეს ყველაზე მეტი – 9 ლელო და პირველად მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში თამაში ბონუს-ქულით (ურუგვაისთან) მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ ჯგუფში 5 ქულით მე-4 ადგილი დაიკავეს და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს ბრძოლა.

უმეტესად დაცვაში

საქართველოს ნაკრებს დროის უდიდესი ნაწილის გატარება საკუთარ ნახევარზე მოუწია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სათამაშო დროის 80% მეტოქე ჩვენს ნახევარზე იყო და ბურთს 76% აკონტროლებდა, რაც უდიდესი უპირატესობაა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ბორჯღალოსნებმა 3-ჯერ შერკინებაში და 5-ჯერ დერეფანში დაკარგეს ბურთი.

როგორც წესი, ასეთ დიდ უპირატესობას ტიერ1-ის გუნდები ტიერ2-ის წარმომადგენლებთან სოლიდურ სხვაობაში გარდასახავენ ხოლმე, მაგრამ ბორჯღალოსნები უდიდესი მოტივაციით გავიდნენ მოედანზე და დაცვაში დიდი მონდომებით ითამაშეს. მათ პირველ 34 წუთში 124 ბოჭვა ჰქონდათ შესრულებული, რამაც სახელოვანი მეტოქე აიძულა, რომ ტაიმის მიწურულს ჯარიმა კარში დაერტყა და უპირატესობა ასე გაეზარდა.

სულ თამაშში ჩვენმა გუნდმა 201 ბოჭვა შეასრულა და მათგან 31 გაუცუდდა, ავსტრალიელებს კი 46-დან 8 ბოჭვა გაუფუჭდათ. საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 24 ბოჭვა ბექა გორგაძის, 20 ბექა საღინაძის, ხოლო 15-15 გიორგი ნემსაძის და მამუკა გორგოძის ანგარიშზეა. ამ უკანასკნელს ბოჭვებში 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

მეტოქემ ბურთით ხელში სულ 170-ჯერ შემოგვიტია, 8-ჯერ სუფთად გაჭრა ხაზი და ჯამში 556 მეტრი მოიგო, თუმცა ლელოს გატანა მხოლოდ ოთხჯერ მოახერხა და აქედან ორი დასკვნით 5 წუთში გაიტანა.

ერთი ლელოს ფარგლებში

საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები ერთმანეთს პირველად ეთამაშებოდნენ და მეტოქე უპირობო ფავორიტად ითვლებოდა. მატჩის დღეს შიზუოკაში წვიმდა, რამაც მის მსვლელობას საკუთარი ხელი დაატყო. ხშირი იყო ბურთის ვარდნა და შეცდომები, სხვა მხრივ კი, მაყურებელმა დიდი ბრძოლა იხილა.

ავსტრალიელებმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს, თუმცა ბორჯღალოსნებმა მასზე აყოლა მოახერხეს და კარგი ბოჭვებით მეტოქეს გასაქანი არ მისცეს. 22 წუთის განმავლობაში ტაბლოზე ორივე გუნდის გრაფაში 0 იყო, მაგრამ მორიგი მრავალფაზიანი შეტევის შეჩერება ვეღარ მოხერხდა და ნიკ უაითმა ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო მეთ ტომუამ გარდასახა.

თამაში რომ განახლდა მეტოქე შეცდა და 5-მეტრიანი დერეფნიდან პასუხის გაცემის შანსი გაჩნდა, მაგრამ ბურთი დავკარგეთ. ავსტრალიელებმა თავისი 22-იდან სცადეს შეტევის დაწყება, მაგრამ წნეხში მოექცნენ, დაჯარიმდნენ და სოსო მათიაშვილმა კარის წინიდან გაიტანა. ავსტრალიამ მალევე შეძლო ჩვენ 22-ში დაბრუნება, თუმცა დაცვა კარგად დახვდა და ნაისარანი სინბინით დაისაჯა.

მიუხედავად ამისა, დერეფანში ბურთის დაკარგვის შემდეგ, მეტოქემ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, ტოომუამ 42 მეტრიდან გაიტანა და ტაიმი 3:10 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე საუკეთესო დაცვა ითამაშა და ბრძოლა ფაქტობრივად შეხვედრის ბოლომდე გაგრძელდა.

სენსაცია არ შედგა

მეორე ტაიმის უმეტესი დრო საქართველოს ნაკრებმა კვლავ დაცვაში გაატარა და 35 წუთის განმავლობაში ამოცანას თავი კარგად გაართვა. თამაში რომ განახლდა, ბორჯღალოსნებს ლელოს გატანის შანსი ჰქონდათ, როდესაც დავით კაჭარავამ რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა, დაახლოებით 30 მეტრი ირბინა და გზად ორ მბოჭავს გაექცა, მაგრამ 22-ში შესულებს, შემდეგ ფაზაში ბურთი დაგვივარდა.

59-ე წუთზე მეორე ლელო ფაქტობრივად არაფრისგან გავიდა. ავსტრალიელებმა ცენტრალურ ხაზთან დაკარგეს ბურთი, მაგრამ ის მარიკა კოროიბეტემ აიტაცა, ხაზი სუფთად გაჭრა, მასზე ბოლო ბოჭვა გაფუჭდა და ლელოს გარდასახვა მოყვა.

ბორჯღალოსნებმა საპასუხო ლელო 70-ე წუთზე გაიტანეს და თამაშში დაბრუბდნენ. ცენტრალურ ხაზთან დერეფნის მოგების შემდეგ ლაშა ხმალაძემ ხაზი სუფთად გაჭრა და კაცის გამოტოვებით მარცხენა ფრთაზე სანდრო თოდუა მოძებნა, რომელმაც ლელომდე ირბინა. გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა 9 ქულა დარჩა, მაგრამ დასკვნით 5 წუთში მეტოქემ კიდევ ორი ლელოს გატანა მოახერხა და საბოლოოდ 27:8 იმარჯვა.

მადლობა ვეტერანებს

ეს თამაში ბოლო იყო ნაკრების კვართით ლეგენდარული მამუკა გორგოძისთვის, რომელიც ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე გიორგი ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ტრავმების შემდეგ საგანგებოდ, თითქმის 3-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.

მსოფლიო თასზე ეს მისი მე-15 მატჩი იყო, რითაც მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდა და ქართველ მორაგბეებს შორის, ამ მაჩვენებელში მასთან ერთად ლიდერობს.

არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ კარიერაში, ბოლო მატჩი ჩაატარა გიორგი ნემსაძემ. რომელმაც 95-ე კეპი მოიხვეჭა.

ბორჯღალოსანთა კვართით 119-ჯერ ითამაშა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა დავით კაჭარავამ.

მატჩის შემდეგ

ნამატჩევს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაცვაში თამაშით კმაყოფილი იყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ ასეთი შეხვედრების მოსაგებად შეტევაში წარმატებული თამაშია საჭირო:„კარგად ვიბრძოლეთ. მაქსიმუმი გავიღეთ, რომ მეტოქეს დიდი ანგარიშით არ მოეგო. ვიმედოვნებ, რომ მომავალში უკეთ ვითამაშებთ და უფრო პროდუქტიულები ვიქნებით შეტევაში. თუ ქულებს არ მოიპოვებ, თამაშს ვერ მოიგებ და ამ კუთხით ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი, თუმცა დაცვაში მართლაც კარგად ვითამაშეთ. ვამაყობ ამ ბიჭებით“.

რაც შეეხება 2019 წლის მსოფლიო თასის შეფასებას, კაპიტანმა თქვა:
„ჩვენ და ჩვენი გულშემატკივრები სხვა რამის მოლოდინში იყვნენ. ამისათვის მაქსიმუმი გავიღეთ, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით და მეტოქეებმა ეს არ გვაპატიეს. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ვიმედოვნებ, შემდეგ მსოფლიო თასზე უკეთესი შედეგი გვექნება“.

დაცვაში თამაშით კმაყოფილი იყო მილტონ ჰეიგიც:
„2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნით მატჩში გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ თამაში საკმარისად კარგად შეგვიძლია. ვამაყობ ბიჭებით, რომლებმაც 75 წუთი იბრძოლეს და შეტევაში ბურთი რომ არ დაგვეკარგა… ვფიქრობ, დაცვაში ძალიან მონდომებით ვითამაშეთ და ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით“.

2019 წლის მსოფლიო თასი. დ ჯგუფი შიზუოკა
საქართველო – ავსტრალია 8:27

ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა (23. თამაზ მჭედლიძე 57), 12. მერაბ შარიქაძე (22. ლაშა მალაღურაძე 71), 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე (21. ვასილ ლობჟანიძე 50);
შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი (17 გურამ გოგიჩაშვილი 50), 2. შალვა მამუკაშვილი (16. ჯაბა ბრეგვაძე 50), 3. ბექა გიგაშვილი (18. გიორგი მელიქიძე 50), 4. გიორგი ნემსაძე (19. ოთარ გიორგაძე 60), 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე (20. გიორგი თხილაიშვილი 57), 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.
1 ლელო: თოდუა
1 ჯარიმა: მათიაშვილი