„უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია“

0
7

11 ოქტომბერს ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, ასევე მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

პირველი კითხვა ახალ ზელანდიელ სპეციალისტს ეხებოდა, რომელმაც აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა:

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგვეძლო, დიდ მატჩებში კი, გამოცდილება მნიშვნელოვანია. გუნდში არიან ახალგაზრდებიც – კვესელაძე, აფრასიძე, საღინაძე და ისინი საჭირო ენერგიას მოიტანენ, თუმცა მთლიანობაში, სათადარიგო სკამის ჩათვლით, აქცენტი გამოცდილებაზე გავაკეთეთ“.

ჰეიგმა განსაკუთრებული ყურადღება 9-10 ნომრებზე გელა აფრასიძისა და ლაშა ხმალაძის წყვილზე გააკეთა:

„ლაშა ხმალაძემ წინა კვირას ფიჯის წინააღმდეგ დაიწყო თამაში და დაცვაში ძალიან კარგი იყო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება. გელას რაც შეეხება, ველით თამაშში იმის შემოტანას, რაც შესაძლოა მანამდე გვაკლდა. მას ბურთით სირბილი უყვარს, სწრაფია და მუდამ ყურადღების ქვეშ ექცევა, რამაც შესაძლოა სივრცეები გააჩინოს“.

მილტონი ამბობს, რომ ავსტრალიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ჩვენი გუნდი ეცდება, რომ მის წინააღმდეგ საუკეთესო თამაში აჩვენოს:

„ის უმაღლესი დონის გუნდია, რომელმაც ოთხი წლის წინ „ოლ ბლექსთან“ ფინალში ითამაშა. ავსტრალია ათეული წლებია მუდამ ფიგურირებს მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულში. მათ აქვთ საჭირო უნარები, სისწრაფე, ყავთ ძალიან ძლიერი ნახევარმცველები და უკანასნელი 12 თვის განმავლობაში, შერკინებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. მოკლედ, ძალიან კარგი გუნდია, თუმცა როგორც ბიჭებმა აღნიშნეს, ჩვენთვის მათთან თამაში უკანასკნელი შესაძლებლობაა, შინ თავაწეულები რომ დავბრუნდეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ავსტრალიას ეთამაშება. აქედან გამომდინარე, ეხლა ჩვენზეა, როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას“.

ავსტრალიასთან ისტორიაში პირველი მატჩი, უკანასკნელი იქნება მილტონ ჰეიგისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, რაზეც ის ამბობს:

„ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან სრულდება. ეს იყო წარმოუდგენლად კარგი 8 წელი, ახლა კი, სრულად მომავალ თამაშზე ვართ მობილიზებული“.

ფულბეკ სოსო მათიაშვილს სანაკრებო დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. აქამდე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 23 სექტემბერს, უელსთან გამართული მატჩია, თუმცა იქვე დასძენს, რომ ავსტრალიასთან თამაში არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება:

„მსოფლიო თასზე უკვე სამი შეხვედრა ჩავატარე და ალბათ, დიდი თამაში უელსის წინააღმდეგ პირველი მატჩი იყო. მნიშვნელობით, განსაკუთრებული იყო ფიჯისთან თამაში, რადგან მათთან მოგებას ვგეგმავდით. მეოთხე მატჩი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვეძლევა იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ კარგი გუნდი ვართ, ბურთით თამაში შეგვიძლია და უკეთესი ნაკრები ვართ, ვიდრე წინა კვირას ვიყავით. ეს ჩვენი ბოლო თამაშია იაპონიაში და როგორც გულშემატკივრები, ასევე ჩვენც, საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებით დავასრულოთ მსოფლიო თასი“.

ჯაბა ბრეგვაძეს კითხეს, იზიარებს თუ არა გუნდის კაპიტანის, მერაბ შარიქაძის მოსაზრებას, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა ავსტრალიას „შეაკვდეს“:

„დიახ, ყველას ასეთი გრძნობა გვაქვს და ეს გრძნობა ფიჯის მატჩის შემდეგ, გასახდელში დაგვეუფლა. ამ წაგების შემდეგ ბევრს ვფიქრობდით, თუ როგორ იმედგაცრუებულად გრძნობდნენ თავს ჩვენი ქომაგები, ოჯახის წევრები და მეგობრები. წინ ერთი შანსი დაგვრჩა, 80 წუთი იმისათვის, რომ მათ თავი ამაყად და ბედნიერად იგრძნონ. ეს ჩვენთვის ბოლო შანსია. უკანასკნელი 3,5 თვის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ მოგვეგო ფიჯისთან და უკეთესად გვეთამაშა უელსთან. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა. ახლა ჩვენს თავებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ უკეთესი მოთამაშეები ვართ და ტყუილად არ გავაცდინეთ ეს დრო“.

ლაშა მალაღურაძისთვის ავსტრალიასთან მატჩი ბოლო იქნება მსოფლიო თასზე და მისი სურვილია, რომ ის გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატაროს:

„ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო თასია და მინდა, რომ ის კარგი შედეგით დავასრულო. ჩვენი მიზანი მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგება იყო. დარჩენილი გვაქვს ერთი შეხვედრა ავსტრალიასთან, რომელიც დიდი გუნდია და ჩვენთვის სიამოვნებაა ასეთი დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც შეგვიძლია რაგბის მაღალ დონეზე თამაში და ვნახოთ რა გამოვა“.