გიორგი აბურჯანია: “დადგა დრო, ირლანდიის წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშოთ”

0
5

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის მეთერთმეტე დაპირისპირება “დინამო არენაზე” 12 ოქტომბერს შედგება. ჯგუფის ლიდერთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბრიდან არასრული შემადგენლობით ემზადება. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში დღესაც 21 ფეხბურთელი იყო. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, გუნდმა 9 ოქტომბერს დილის ვარჯიში სრული დატვირთვით ჩაატარა.

სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ კი, ფეხბურთელებმა თავისუფალი დრო გამოიყენეს და ეროვნული ნაკრების სამი წევრი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბურჯანია და გიორგი ლორია თბილისის 157-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ფეხბურთელებმა სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და საქართველო – ირლანდიის მატჩზე დაპატიჟეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ირლანდიასთან  და გიბრალტართან დაგეგმილი მატჩების შესახებ ისაუბრეს:

გიორგი ქვილითაია: “რა თქმა უნდა, ირლანდია უხერხული მეტოქეა და სამწუხაროდ, მათთან ჯერ არ მოგვიგია. მიმდინარე წელს, ბოლო საშინაო მატჩის გამართვა სწორედ მათ წინააღმდეგ გვიწევს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივართან ერთად ირლანდიის დამარცხებას და სამი ქულის მოპოვებას შევძლებთ.
რაც შეეხება ჩემს სათამაშო ფორმას, საბედნიეროდ ტრავმა აღარ მაწუხებს და ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვარ. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩემი შედეგიანი თამაშით დავეხმარები”.

გიორგი აბურჯანია: “ირლანდია ჩვენთვის რთული მეტოქეა, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ირლანდიის წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.
ჯერ-ჯერობით სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ხვალიდან შემოგვიერთდებიან. წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის, ჩვენი სურვილია, რომ მიმდინარე წლის ბოლო საშინაო მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ.
მსურს, რომ გულშემატკივარს მოვუწოდო მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.”

10 ოქტომბერს დაგეგმილ სავარჯიშო პროცესში ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშიაც ჩაერთვებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),, გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)