დუდუ დადიანის თასს ახალი მფლობელი ეყოლება: თსუ ან ბათუმი

0
3

დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. სატიტულო მატჩში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და “ბათუმი” შეხვდებიან. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალებში სწორედ ამ გუნდებმა იმარჯვეს. თსუ-მ საკმაოდ იოლად – 90:71 დაამარცხა “კაკტუსი”, ხოლო ზღვისპირელებმა “დინამოს” 98:84 აჯობეს.

აღსანიშნავია, რომ დუდუ დადიანის თასს ახალი მფლობელი ეყოლება. არც “ბათუმს” და არც თსუ-ს აქამდე ეს ტიტული არასდროს მოუგიათ. თსუ სამჯერ –  2002, 2005 და 2009 წლებში ყოფილა ფინალში, თუმცა ყველა სატიტულო შეხვედრა წაგებული აქვს.

ორივე გუნდმა კარგად ჩაატარა დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური და პლეი ოფის მატჩები. დისციპლინისა და კარგი ფიზმომზადების ხარჯზე ლექსო ლაფანაშვილს არ უჭირს, თსუ-ს კომბინაციური კალათბურთი ათამაშოს. ეს დღევანდელ ნახევარფინალშიც გამოჩნდა, რომელშიც თსუ-ელებმა შანსი არ დაუტოვეს “კაკტუსს”. უნივერსიტეტელებს დიდი რესურსი გააჩნიათ – მათ რიგებში დღეს დებიუტი ჰქონდა სერბ გამთამაშებელ ჯორჯე მილოსავლიევიჩს, ხოლო კიდევ ერთი ლეგიონერი ახალი ჩამოსული იყო და არ უთამაშია.

თსუ-ელებს ულიდერა ვასილ ბერუაშვილმა, რომელიც წინა სეზონში “ა” ლიგაში თამაშობდა, თუმცა ის თავისი გარჯითა და შრომისმოყვარეობით სუპერლიგის გუნდშიც იმკვიდრებს მოწინავე ადგილს.

ჩინებულად გამოიყურება “ბათუმიც”. გია კაზანჯიანმა საკმაოდ დაბალანსებულ შემადგენლობას მოუყარა თავი, ზღვისპირელებს ლეგიონერებიც უმართლებენ და შედეგიც სახეზეა. აჭარულმა კლუბმა საკმაოდ მძლავრ “დინამოს” კლასიკურად, ბოლო პერიოდში მოუგო. მაკედონიელი მუია ტაჩის გაწვრთნილმა თბილისელებმა პირველ პერიოდში მიღებული სოლიდური დეფიციტი ბოლო მეოთხედისთვის 3 ქულამდე კი შეამცირეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში წინა მატჩების მსგავსად ბათუმელებმა სტაბილურად, შედეგიანად ითამაშეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. თვალისმომჭრელი შედეგიანობა გამოავლინა ამერიკელმა კოლინს მალკოლმმა, რომელმაც 10 მოხსნასთან ერთად 26 ქულა ისე მიითვალა, თამაშიდან ნასროლი 13 სროლიდან მხოლოდ ერთხელ ააცილა.

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალი 9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, თსუ-სა და “ბათუმს” შორის გაიმართება.