შენგელიამ ევროლიგა 13 ქულით და გასვლითი გამარჯვებით გახსნა

0
10

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგა გამარჯვებით გახსნა. ევროპის ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ტურნირის პირველ ტურში ბასკონიელები კაუნასში ჟალგირისს შეხვდნენ და 12 ქულის სხვაობით – 70:58 დაამარცხეს.

გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ფორვარდმა, რომელიც მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში იუბილარი გახდა (5 ოქტომბერს შენგელიას 28 წელი შეუსრულდა). თორნიკემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 31:47 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 7-დან 6 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი გააცუდა. ბასკონიელთაგან 19 ქულით საუკეთესო შეივონ შილდსი იყო.

შემდეგ ტურში, 11 ოქტომბერს, ბასკონია მოსკოვში ხიმკის შეხვდება, რომელიც წლეულს ძალიან ძლიერია და ოთხთა ფინალში გასვლის ამბიციაც გააჩნია.