დავით ყიფიანის სახელობის თასი – ნახევარფინალისტები ორი ოქტომბრის მოლოდინში

0
87

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა “მერანმა” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა. ანგარიში 23-ე წუთზე თბილისელთა შემტევმა რევაზ ინჯგიამ გახსნა და ლოკომოტივი მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ბუხაიძის საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს. საბოლოო შედეგი 110-ე წუთზე დაფიქსირდა, თავური დარტყმით ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანა და თბილისის “ლოკომოტივი” ნახევარფინალში გაიყვანა.

დაძაბული გამოდგა თბილისის “სპაერის” სტადიონზე გამართული მეოთხედფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს თბილისური კლუბები, “მერანი” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა. დამატებით დროში კი, საკუთარი შანსი საბურთალოელთა კაპიტანმა, გაგი მარგველაშვილმა გამოიყენა და “საბურთალომ” მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა მეტოქე.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ლიგა 4-ის ერთი გუნდი იასპარეზებს. საგარეჯოს არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივმა “გარეჯმა” “თბილისი სითის” უმასპინძლა და ანგარიშით – 2:1 დაამარცხა მეტოქე. მასპინძლებმა ანგარიში მე-15 წუთზე ვახტანგ კაპანაძის გოლით გახსნეს, მე-60 წუთზე კი, ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა და “გარეჯი” ორი ბურთით დაწინაურდა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე დაფიქსირდა, საგარეჯოელთა კარი ლევან ქალდანმა აიღო.

საქართველოს თასის 2019 წლის გათამაშების ბოლო ნახევარფინალისტი რუსთავში გამოვლინდა, სადაც ერთმანეთს “რუსთავი” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. რამდენიმე რეალური მომენტის მიუხედავად კლუბებმა 120 წუთის განმავლობაში გოლის გატანა ვერ მოახერხეს და გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა. თერთმეტმეტრიანების სერია უფრო ზუსტად ქუთაისელებმა შეასრულეს, 4:2 დაამარცხეს მეტოქე და ზედიზედ მესამედ იასპარეზებენ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში.

ამრიგად, საქართველოს თასის ნახევარფინალში „ლოკომოტივი“, „საბურთალო“, „ტორპედო“ და „გარეჯი“ გავიდნენ. ნახევარფინალის წილისყრა ორ ოქტომბერს ჩატარდება.