ბორჯღალოსნები – იმედის მომცემი მეორე ტაიმით

0
13

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

 

ბორჯღალოსნებმა უელსის ნაკრებს მეორე ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართეს და ეს 40 წუთი 14:14 დაასრულეს, მაგრამ შესვენებამდე გატანილი 29 უპასუხო ქულის შედეგად, საბოლოოდ მეტოქემ 43:14 იმარჯვა.

ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრა 2019 წლის მსოფლიო თასზე და მეტოქედ წლევანდელი ექვსი ერის დიდი სლემით გამარჯვებული უელსის ნაკრები გვყავდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო რაგბის რეიტინგის სათავეში აღზევდა, უშუალოდ ტურნირს კი მე-4 ადგილზე შეხვდა.

მრისხანე მეტოქესთან, პირველ ტაიმში მორაგბეებმა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს, ბავშვური შეცდომები ერთი მეორეს მიყოლებით დაუშვეს და მეტოქეს სოლიდური უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცეს.

მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. ჩვენმა გუნდმა შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება, დაცვაშიც უფრო საიმედოდ ითამაშა და მომდევნო შეხვედრების წინ, გულშემატკივრებს წარმატების იმედი დაუბრუნა.

შეცდომები ნერვიულობის ფონზე

მატჩის დაწყების პირველსავე წუთებში გამოჩნდა, რომ ბორჯღალოსნებმა მღელვარება ვერ დაძლიეს და შეცდომები ერთი მეორეს მიყოლებით დაუშვეს. ამით კარგად ისარგებლა გამოცდილმა მეტოქემ, ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციებში ხაზი მარტივად რამდენჯერმე სუფთად გაჭრა და ქულები დააგროვა.

თამაში სულ რაღაც 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მეორედ დანიშნული შერკინების შემდეგ, ბურთი დევისზე გავიდა, პირველივე ფაზით ხაზი სუფთად გაიჭრა და ლელო გავიდა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა, მაგრამ დაბნეულობამ იმატა და დენ ბიგარმა მე-6 წუთზე ჯარიმა გაიტანა, მე-12 წუთზე კი ცენტრში ხაზი კვლავ მარტივად გაიჭრა, მერე ჯასტინ ტიპურიკმა რაქიდან შეუტია და ის ვეღარავინ შეაჩერა. გავიდა 6 წუთი და ამჯერად ხაზი ჯოშ ადამსმა გაჭრა, ბიგარმა ორი გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 22:0 გახდა.

ბორჯღალოსნებმა პირველი ხიფათი 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ვასილ ლობჟანიძემ ხაზი შალვა მამუკაშვილს გააჭრევინა, მან კი შეტევაში გიორგი თხილაიშვილი ჩართო, თუმცა საპასუხო პასისას მცველმა ბურთი წესების დაცვით ჩაჭრა, მაგრამ რეფერიმ ჯარიმა ვერ დააფიქსირა და მხოლოდ შერკინება დაინიშნა. შერკინების შემდეგ ფრთაზე გიორგი კვესელაძემ შეუტია და 22-შიც შევიდა, მაგრამ შეტევა კვლავ უქულოდ დასრულდა.

ტაიმის მიწურულს უელსმა დერეფნიდან კიდევ ერთხელ გაშალა შეტევა, ფრთაზე მეტობა ამჯერადაც მარტივად შექმნა და ლიამ უილიამსმა უელსის მეოთხე, ბონუს-ქულის მომტანი ლელო გაიტანა, ბიგარმა კი გარდასახა – 29:0.

2 ლელო ტიერ1-ის გუნდთან

მსოფლიო თასის მოგების ერთ-ერთ ფავორიტთან, ჩვენმა გუნდმა კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა. შეცდომები ამ ნახევარშიც იყო, მაგრამ დაცვა ბევრად უფრო საიმედოდ გამოიყურებოდა და მეტოქის რამდენიმე მრავალფაზიანი შეტევა მოიგერია, თანაც კაცნაკლულმა; შერკინებაში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე რამდენჯერმე დააჯარიმა; შეცვლაზე შესულმა აფრასიძემ თამაში ააჩქარა; ასევე შეცვლაზე შესულმა ლევან ჩილაჩავამ, რაქებში რამდენჯერმე მოიპოვა ბურთი; შეტევაში ორი ლელო გავიტანეთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს, მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში, ტიერ1-ის გუნდისთვის აქამდე ორი ლელო არასდროს გაუტანია.

თამაშში ბურთი ქართველებმა შეიყვანეს, ბრძოლაში მეტოქეს დაჯარიმება აიძულეს და დერეფნიდან მოლი ააგორეს, რომელიც მეტოქემ წესების დარღვევით შეაჩერა. ამჯერად მოლი 5-მეტრიანი დერეფანის შემდეგ დადგა, უელსელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ლელომდე მანძილი მეორე მიძალებით დაიფარა და 2019 წლის მსოფლიო თასზე, შალვა მამუკაშვილმა პირველი ქართული ლელო გაიტანა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

უელსმა პასუხის გაცემა სწრაფად განიზრახა და თავადაც მოლი დააყენა, რომელიც ლელოსთან ახლოს ჩაიქცა და მოედანზე რამდენიმე წამის წინ შეცვლაზე შესული ჯაბა ბრეგვაძე სინბინით დაისაჯა. ასეთ დროს, როგორც წესი, ტიერ1-ის გუნდები ნებისმიერ მეტოქესთან საშუალოდ 10 ქულის აღებას ახერხებენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში საიმედოდ ითამაშა და წითელ ზოლში თავი დაიცვა. მთლიანობაში, ამ ტაიმის 25 წუთი ისე მიილია, რომ უელსმა ქულის აღება ვერ მოახერხა, მაგრამ მერე ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშა და ლელოში ფეხით შეცურებულ ბურთს ტომ უილიამსი დაახტა.

საქართველოს ნაკრები არ გატყდა და შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა მეორე ლელო შექმნეს. მეტოქის მისსავე შერკინებაში დაჯარიმების შემდეგ, გელა აფრასიძემ ბურთი სწრაფად გაათამაშა და ორ მცველს შორის შესულმა ოთარ გიორგაძეს ოფლოუდი ამოუგდო, რომელიც ბოჭვის შემდეგ ფეხზე დარჩა და დინამიური შეტევა ბექა გორგაძეს გააგრძელებინა, მან კი თამაზ მჭედლიძეს დაარტყმევინა. წითელ ზოლში საქმეში პირველხაზელები ჩაერთვნენ და მესამე მიძალებაზე ლევან ჩილაჩავამ, რომელმაც დღეს 50-ე კეპი მოიხვეჭა, უელსი მეორედ დაალელოვა, ხოლო აბჟანდაძემ კვლავ ზუსტად გარდასახა.

შეხვედრის მიწურულს უელსმა ჩვენი ლელოს სიახლოვეს კიდევ ერთხელ მოგვაქცია წნეხში, ბოჭვები გაცუდდა და ჯორჯ ნორთმა მეექვსე ლელო გაიტანა, ხოლო ჰალფპენიმ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 43:14.

ცხელ გულზე

მატჩის დასრულების შემდეგ, ცხელ გულზე პირველი შეფასებები ბექა გორგაძემ და მილტონ ჰეიგმა გააკეთეს.

ბექა გორგაძე: „პირველ ტაიმში ძალიან ბევრი ქულა გავუშვით და მეტოქეს ვეღარ დავეწიეთ. შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვეცდებით, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის შეცდომები გამოვასწოროთ. პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში ვთქვით, რომ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა და შესვენების შემდეგ მოედანზე ყველაფერი დავდეთ. ძალიან კარგია ორი ლელოს გატანა რომ მოვახერხეთ და იმედია, მომავალში უფრო მეტს გავიტანთ“.

მილტონ ჰეიგი: „პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. რამდენჯერმე შეცდომაზე დაგვიჭირეს და ქულები მივიღეთ. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და ნამდვილი ქართული, მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ, რითაც განთქმულები ვართ. მე ამ ბიჭებით ამაყი ვარ. მეორე ტაიმი სწორედ ის არის, რაზეც ჩვენი მომავალი შეხვედრები უნდა ავაწყოთ. გასაუმჯობესებელი გვაქვს დაცვაში თამაში. როდესაც ბურთი გვქონდა, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე წნეხში გვყავდა. ბევრი დეტალია, რაზეც მუშაობა მოგვიწევს, თუმცა გვქონდა კარგი მომენტებიც“.

2019 წლის მსოფლიო თასი. დ ჯგუფი

23 სექტემბერი

ტოიოტა სიტი. ტოიოტა სთედიუმი

უელსი – საქართველო 43:14

საქართველო: 15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე (23. ლაშა ხმალაძე 77), 11. გიორგი კვესელაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (22. გელა აფრასიძე 59); 1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.) (17. გურამ გოგიჩაშვილი 46), 2. შალვა მამუკაშვილი (16. ჯაბა ბრეგვაძე 46), 3. ბექა გიგაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 46-78), 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (19. შალვა სუთიაშვილი 50), 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე (21. ოთარ გიორგაძე 59), 8. ბექა გორგაძე.

2 ლელო: მამუკაშვილი, ჩილაჩავა

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 სინბინი: ბრეგვაძე