მილტონ ჰეიგი: „თუ არ შეუტიე, ვერ მოიგებ“

0
6

დღეს ბორჯღალოსნები თავის მეხუთე მსოფლიო თასს იწყებენ და პირველსავე ტურში, ჩვენი დროით 14:15 საათზე მრისხანე უელსის ნაკრებს ეთამაშებიან.

მილტონ ჰეიგმა კარგად იცის, რა დონის გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, თუმცა იმედს არ კარგავს – „მთავარია, ჩვენ ყველაფერი ზუსტად შევასრულოთ. უელსი მარტივი გუნდი არაა, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ დავით ამარცხებს გოლიათს“.

ახალ ზელანდიელი კმაყოფილია იმ მოსამზადებელი პერიოდის, რომელიც გუნდმა იაპონიაში გამგაზავრებამდე გაიარა:

„ახლა გუნდი გაცილებით კარგ ფიზიკურ ფორმშია, ვიდრე 2015 წლის მსოფლიოს თასზე. მორაგბეების მონაცემები 25 პროცენტითაა გაზრდილი. შოტლანდიასთან ორი თამაში ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო. პირველ მატჩში ბიჭები ცოტა დაბნეულები იყვნენ. ედინბურგში, საწყის 20 წუთში ორი ლელო გავუშვით, მერე დავლაგდით და ცუდად არ გვითამაშია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ შოტლანდია ტიერ1-ის ნაკრებია. მათთან თამაშმა ბევრი რამ დაგვანახვა და გაგვაძლიერა“.

უელსთან მატჩისთვის ჰეიგმა შემტევი სტილის უკანახაზელები შეარჩია. ის ამბობს:

„უელსთან მოგება თუ გინდა უნდა შეუტიო და ლელო გაუტანო. დაცვაზე ორიენტირებული უკანა ხაზი კი, ამას ვერ გააკეთებს. სოსო მათიაშვილს, გიორგი კვესელაძეს და მირიან მოდებაძეს დიდი ხანია ვამზადებთ და უელსთან მატჩი მათთვის კიდევ ერთი შანსია საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ“.

მარქაფაში მყოფი 8 მოთამაშიდან 6 მორკინალია. ასეთი რამ ხშირად არ ხდება და საკუთარ გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი ასე ხსნის:

„თუ გვინდა უელსს შევებრძოლოთ, მათი შერკინების ტოლ-სწორი შერკინება უნდა გვყავდეს. შეცვლაზე მყოფი ბექა საღინაძე და ოთარ გიორგაძე სწორედ ის მორაგბეები არიან, რომლებიც შეგიძლია სწორ დროს ჩართო თამაშში“.

ბორჯღალოსნების მომავალი მეტოქეებიდან უკვე ითამაშეს ავსტრალიამ და ფიჯიმ. მიუხედავად იმისა, რომ ფიჯი ერთი საათის განმავლობაში ლიდერობდა, საბოლოოდ ავსტრალიამ 39:21 იმარჯვა. ბუნებრივია, ამ თამაშს განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, რადგან ფიჯი ის გუნდია, რომელთანაც მეორე გამარჯვებისთვის ბრძოლას ვგეგმავთ:

„ავსტრალიამ ფიჯის ბურთი არ მისცა და თითქმის ყველა შანსი გამოიყენა. მეტოქე მოლებითაც დაჩაგრა და ხლედხელ თამაშშიც. ზოგადად, თუ არ გყავს კარგი შერკინება და მოლი, მსოფლიოს თასზე ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენ გვყავს და ეს უნდა გამოვიყენოთ. წარსულს თუ გადავხედავთ, ფიჯისთან მაშინ მოვიგეთ, როცა დაცვაში კარგად გავისარჯეთ. მანამდე ორი მატჩი გვაქვს – უელსთან და ურუგვაისთან. ამიტომ, კონცენტრცია ჯერ კონკრეტულ თამაშზე გვაქვს. მსოფლიო თასზე სუსტი გუნდები არ არიან და ურუგვაისაც ისევე სერიოზულად უნდა მივუდგეთ, როგორც სხვებს“.