შოტლანდიური მასტერკლასი ბორჯღალოსნებს

0
5

2019 წლის 31 აგვისტოს რაგბის ქართველი ქომაგი დიდი ხანი ელოდა. ამ დღისთვის თბილისს შოტლანდიის ეროვნული გუნდი ეწვია და ეს, პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც საქართველოში თამაშზე თანხმობა პირველი დონის ნაკრებმა განაცხადა.
თბილისური მატჩი ისტორიული გახლდათ ქართველებისთვისაც, რომელთაც ესოდენ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ შინაური პუბლიკის წინაშე თამაშის შანსი პირველად მიეცათ. “ბორჯღალოსნებისთვის” სქოთების დამარცხება ექვს ერში დაშვების პერსპექტივის კუთხითაც მნიშვნელოვანი გახლდათ, რაშიც მათთვის ხელი 40 ათასამდე ქომაგსაც უნდა შეეწყო.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სამხრეთაფრიკულ “საუზერნ კინგსთან” გამართული მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა როტაციას მიმართა და შოტლანდიისთვის დასახელებულ რაზმში ერთბაშად 10 ცვლილება შეიტანა.
სრულად გადახალისდა ღერძი და 9-10 ნომრებზე თამაში ვასილ ლობჟანიძემ და თედო აბჟანდაძემ დაიწყეს, ცენტრში ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად დავით კაჭარავა გამოჩნდა, ზურაბ ძნელაძეს შეუწყვილდა და ეროვნული ნაკრების კვართით ჩატარებული მატჩების (115) რაოდენობით ლიდერ მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდა.
ფულბექად ისევ სოსო მათიაშვილი ვიხილეთ, ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე გარემარბად მარქაფიდან ალექსანდრე თოდუა დაწინაურდა, რომელმაც გიორგი აფციაური შეცვალა.
ფაქტობრივად სრულად განახლდა ბორჯღალოსნების შერკინება. პირველ ხაზში ამჯერად მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი გამოჩნდნენ, რომლებიც აფრიკელებთან განაცხადშიც კი არ იყვნენ. გუნდი კაპიტნის რანგში სწორედ ნარიაშვილმა გაიყვანა, რომელმაც 55-ე სანაკრებო შეხვედრაში სამკლაური პირველად მოირგო და ბორჯღალოსანთა 31-ე კაპიტანი გახდა.
შეიცვალა მეორე ხაზიც და ამჯერად, თამაში კოტე მიქაუტაძემ და შალვა სუთიაშვილმა დაიწყეს, ხოლო გიორგი ნემსაძემ და ლაშა ლომიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს. მესამე ხაზში გიორგი ცუცქირიძის ტრავმის შემდეგ, ფლანკერად გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა გორგაძე დადგა. რაზმში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ძალიან ნერვულად დაიწყო, რაც უდისციპლინო გარჯაში გამოიხატა. მსაჯმა რეფერი პასკალ გაიუზერმა საწყის ათ წუთში 4-ჯერ დაგვაჯარიმა და სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა გრეიგ ლეიდლოუმ მარტივი პოზიციიდან ორჯერ გაიტანა – 0:6.
ბორჯღალოსანთა პოზიციურ შეცდომას შეხვედრის პირველო ლელო მოჰყვა. ფინ რასელმა ხაზი იოლად გაჭრა, მიყოლაც კარგი იყო და ბენ ტულისს ბურთის დამიწება არ გასჭირვებია. ლეიდლოუმ იოლი გარდასახვა შეაგდო – 0:13.
მალე ანგარიში საგანგაშო გახდა. ეპიზოდის გმირი სქოთების შუამარბი რორი ჰაჩინსონი გახდა, რომელმაც რასელის გადაკიდებული ბურთის შემდეგ დიდი დისტანცია მოიგო, ქართველებმა იერიში ხუთმეტრიან ზონაში შეაჩერეს, თუმცა, მარჯვენა ფლანგზე ჩათამაშებული ოვალი ისევ სტუმართა 13-მა ნომერმა მოიხელთა და მცველების დაჯაბვნა არ გასჭირვებია. გრეიგის მორიგი ელეენტარული დარტყმა და 0:20.
ბორჯღალოსნებს პირველი აზრიანი შეტევის განხორციელების შანსი ტაიმის შუაწელს მიეცათ, როდესაც აბჟანდაძემ შერკინებით გამომუშავებული ჯარიმიდან ბურთი ათმეტრიან ზონაში გადაიტანა, თუმცა, თითქოს კარგად ჩამოყალიბებულ მოლში ვერ ვივარგეთ და შერკინება უკვე შოტლანდიელებს ერგოთ.
მატჩის 33-ე წუთზე სტუმრები მაღალი ბოჭვისთვის დაჯარიმდნენ და მათიაშვილმა ათმეტრიანი წყვეტილი ხაზიდან ანგარიშის “დასველება” მოახერხა 3:20. იქვე სტუმართა შეცდომით ლობჟანიძემ ისარგებლა, შეტევა მარცხენა ფლანგზე გიორგაძეს გააგრძელებინა, თუმცა, მას ბოჭვისას ბურთი წინ დაუვარდა, შერკინებაში კი დავჯარიმდით და მომენტი განიმუხტა.
მალევე, რეფერიმ დერეფანში უწესო თამაშისთვის დაგვაჯარიმა, თუმცა, ეს არ იკმარა, მომდევნო ფაზაში მაღალი ბოჭვა დაგვაბრალა და ლეიდლოუს კარის წინიდან კიდევ ერთი დარტყმის შესრულება არ დაზარებია – 3:23. ტაიმი, რომელმაც გუნდებს შორის კლასში არსებული უდიდესი სხვაობა წარმოაჩინა, სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.
შესვენების შემდეგ პირველი კარგი შანსი საქართველოს მიეცა, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა ისევ დაგვაღალატა. კაჭარავას ფლანგზე მაღალი პასი გამოუვიდა და მათიაშვილმა ბურთის ხელში შემაგრება ვერ შესძლო, არადა, მას მარცხნივ მოდებაძეც ჰყავდა.
სამაგიეროდ, ორიოდ წუთში “ნარშავებმა” კლასიკურად დამუშავებული ლელო დაგვიდეს. შერკინებიდან გამოტანილი ბურთი უსწრაფესად გაათამაშეს და ქართველებმა ლელოსკენ გაქცეულ ჰაჩინსონს, რომელმაც დუბლი შეასრულა, მხოლოდ თვალი გააყოლეს. ლეიდლოუს გარდასახვის აცილება არც უფიქრია – 3:30.
მორიგმა ლელომ ქართველები კიდევ უფრო გაამწარა, რასაც ჩვენებურთა ხანგრძლივი იერიში მოჰყვა. “ბორჯღალოსნებმა” შვიდიოდ წუთი მეტოქის ხუთმეტრიან ზოლთან გაატარეს, სტუმრები 3-ჯერ დაჯარიმდნენ, საბოლოოდ კი, ლელო შეცვლაზე მცირე ხნის წინ შესულმა კახა ასიეშვილმა დადო. ამ დროს საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი უკვე შეცვლილი იყო და მინდორზე გელა აფრასიძე და თამაზ მჭედლიძეც იმყოფებოდნენ. გარდასახვა სწორედ გელამ შეაგდო და ჩამორჩენა მცირედით შეამცირა 10:30.
შოტლანდიელთა პასუხმა არ დაახანა და მათი ლელო ისევ ოსტატური გამოდგა. ქართველი მორაგბეები სტუმრებს სისწრაფეში ამჯერადაც ვერ აჰყვნენ, შესანიშნავად მოთამაშე რასელმა ბურთი მარჯვენა გარემარბ დარსი გრემს შეუცურა და მან ოვალი ლამაზ ნახტომში დაამიწა. ლეიდლოუს მორიგმა გარდასახვამ ტაბლოზე ანგარიში 10:37 დაფიქსირა.
დარჩენილ წუთებში საქართველოს ნაკრები “ნარშავების” ოცდაორში კიდევ ერთხელ დამკვიდრდა, თუმცა, ხეირი ვერ ნახა, აი, სტუმრებმა კი მორიგი შანსიც დამაჯერებლად გამოიყენეს. შეხვედრის დასკვნითი ლელო სკოტ კამინგსმა დადო, გარდასახვა კი შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა მორაგბე ადამ ჰეისტინგსმა შეასრულა – 10:44.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” მოახლოებულ მსოფლიო თასამდე დასკვნით ტესტ-მატჩს ისევ შოტლანდიელთა წინააღმდეგ ჩაატარებენ, ოღონდ, ეს, უკვე ედინბურგში იქნება. 6 სექტემბერს, “მარიფილდზე” თამაში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

საქართველო – შოტლანდია 10:44 (3:32)
საქართველო: 15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით კაჭარავა, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.
ლელო: ასიეშვილი.
გარდასახვა: აფრასიძე.
ჯარიმა: მათიაშვილი.