მილტონ ჰეიგი: “მზადებით და პროგრესით კმაყოფილი ვარ”

0
4

მსოფლიო თასის დაწყებამდე 50 დღით ადრე ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა მზადებას ანტალიაში განაგრძობს. რიგით მეცხრე ტურნირი 20 სექტემბერს მასპინძელი იაპონიისა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება, ჩვენი გუნდი კი პირველ მატჩს 23 სექტემბერს, ტოიოტაში უელსთან გამართავს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, მზადების პროცესით კმაყოფილია: „მზადებით და ჩვენი პროგრესით კმაყოფილი ვარ. ბიჭები უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ და კარგ ფორმაში იმყოფებიან. დაძაბული სამუშაო პერიოდი მორაგბეებისთვის ფიზიკურად რთული იყო, თუმცა ყველას ესმის, რომ ასეც უნდა იყოს, თუ გვსურს იაპონიაში განსაკუთრებული მსოფლიო თასი გვქონდეს“.
ჰეიგი თურქეთში არსებულ მოსამზადებელ პირობებს იდეალურს უწოდებს და ბედნიერია, რომ ის საქართველოსთან ასე ახლოსაა: „ბელეკში მდებარე სპორტკომპლექსი გლორია ერთ-ერთი საუკეთესოა მაღალ დონეზე მოსამზადებლად. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის საქართველოსთან ასე ახლოსაა. მოედნებსა თუ დარბაზებში ყველაფერია მსოფლიო დონის ვარჯიშების ჩასატარებლად და ასეთი მაღალი დონის სავარჯიშო პირობები უფრო მეტი მუშაობისკენ გვიბიძგებს. ჩვენ ამ პროცესისგან დიდ სიამოვნებას ვიღებთ“.