“საბურთალო” ევროსარბიელს დაემშვიდობა

0
18
 ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკციო ეტაპის საპასუხო მატჩში “საბურთალო” საკუთარ მოედანზე “არარატ არმენიასთან” 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
სტუმრად გამარჯვების შემდეგ მასპინძლები ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და “შერიფის” განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ განმეორდა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი “არარატ არმენიამ” გაიტანა – მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1.
“საბურთალო” უპირატესობას ფლობდა, მარჯვენა ფრთიდან მალი, მარცხენადან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.
პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.
წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, “საბურთალოს” მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.
“საბურთალო” ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.
“საბურთალომ” მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.
თბილისი. “მიხეილ მესხი”
საბურთალო – არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)
საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60).
არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი.