კახა კაშია: „საბურთალოსგან“ სურპრიზს ყოველთვის უნდა ველოდოთ

0
34

წლეულს, ევროტურნირებზე „საბურთალოს“ სადებიუტო სეზონი აქვს. მოქმედი ჩემპიონი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს. კლუბის აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიას  სხვა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:
– „საბურთალო“ წლეულს პირველად ასპარეზობს ევროტურნირებზე. რა შეგიძლიათ თქვათ გუნდის გამოსვლაზე?
– როდესაც „საბურთალო“ დაარსდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში კლუბს ევროპაში საქართველოს სახელის დაცვა მოუწევდა. დავიწყეთ ბავშვთა ფეხბურთიდან, გავიარეთ ყველა ეტაპი და ახლა ევროტურნირებზე ვთამაშობთ. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით ჯერ პირველი ლიგის გამარჯვებულები, მალევე ქვეყნის ჩემპიონები გავხდით.  გეგმაზომიერად მივდივართ წინ, თვითკმაყოფილები არ ვართ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ვმუშაობთ განვითარებასა და წინსვლაზე. კლუბის ხელმძღვანელობა ფინანსებსა და ენერგიას არ იშურებს იმისათვის, რომ „საბურთალომ“ პროგრესი განაგრძოს და ქართული ფეხბურთი ასახელოს. შრომა არ იკარგება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი დაგვიფასდება. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა იმ ფეხბურთელს, რომელსაც წვლილი აქვს შეტანილი „საბურთალოს“ განვითარებასა და წარმატებაში, მადლობას გადავუხდი.
– „საბურთალო“ ყოველთვის უსწრებს მოვლენებს. მიზნებს დაგეგმილზე მალე ასრულებს. წლეულს კლუბისგან უნდა ველოდოთ თუ არა სურპრიზებს?
– არ მიყვარს წინასწარი დაპირებები, უმჯობესია ყველაფერი საქმით დავამტკიცოთ. თუმცა, ზოგადად „საბურთალოსგან“ ყოველთვის უნდა ველოდოთ სურპრიზებს, რადგან ეს საქმე კარგად გამოსდის. სიურპრიზი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც იყო, იგივე „შერიფის“ ბარიერის დაძლევა. მართალია, ზაგრების „დინამოსთან“ დავმარცხდით, მაგრამ საერთო ჯამში ურიგოდ არ გვითამაშია.
ჩვენი დევიზი პატიოსნება, წესიერება და პროფესიონალიზმია. ყველა ერთ მუშტად ვართ შეკრული, ამ ერთიანობას მოაქვს შედეგი. ერთი დიდი ოჯახი ვართ, ყველა ერთმანეთის გვერდში ვდგავართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ.
– როდესაც „საბურთალო“ ყალიბდებოდა, მინიმალურ საზომად ევროტურნირებზე თამაში იყო. რა გრძნობაა, როდესაც კლუბი საერთაშორისო მატჩებისთვის ემზადება?
– რთულია გადმოგცეთ ის ემოცია, რასაც განვიცდი. ვარ ამაყი და ბედნიერი ადამიანი, ასეთი დიდი მატჩებისთვის, რომ გვიწევს მზადება. „საბურთალოში“ მუშაობით ავისრულე ოცნება – დიდი პატივია უეფას შტაბ-ბინაში დაესწრო ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპა ლიგის კენჭისყრას და იყო მეტოქის მოლოდინში, რომელიც მომავალში  „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. როგორც საფეხბურთო მენეჯერისთვის, ჩემთვის ეს დიდი პატივია.
– ზაგრების „დინამოსთან“, რომელსაც ზურგს დიდი ისტორია უმაგრებს, საქმიან თანამშრომლობაზე შეთანხმდით. რომ დაგვიკონკრეტოთ დეტალები?
– თბილისშიც და ზაგრებშიც კლუბის ხელმძღვანელები ერთმანეთს შევხდით, ძალიან ნაყოფიერი საუბრები გამოდგა. გვაქვს წინასწარი მოლაპარაკება, რომ ჩამოვიდნენ თბილისში და გავაფორმოთ მემორანდუმი. ეს ყველაფერი სავარაუდოდ წლის ბოლომდე მოხდება. პირველ შეთანხმებას მივაღწიეთ იმას, რომ U17, U18, U19 გუნდები მიიღებენ მონაწილეობას მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებში, სადაც ევროპის წამყვანი კლუბების ასაკობრივი გუნდები ითამაშებენ.
– როგორია“საბურთალოს“ როლი ეროვნულ ჩემპიონატში და რას იტყვით საქართველოს პირველობაზე?
– როდესაც 2015 წელს უმაღლეს ლიგაში გადავედით, „საბურთალოს“ ამოცანა უძლიერესთა რიგებში ადგილის დამკვიდრება იყო. 2018 წელს კლუბმა ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, ახლა უფლება არა გვაქვს ეს თამასა დავწიოთ. ვაცნობიერებთ, რომ ყოველწლიურად რთულია ჩემპიონობა, მაგრამ მიზანი სისტემატურად ევროტურნირებზე თამაში არის. ევროსარბიელზე ხშირი ასპარეზობა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კლუბი გაიზარდოს, განვითარდეს და პროგრესი განაგრძოს. როდესაც ზაგრების „დინამოსთან“, „შერიფთან“ და მსგავსი დონის კლუბებთან სისტემატურად ვითამაშებთ, უფრო მეტ გამოცდილებას შევიძენთ.
რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს – „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ძალიან ძლიერდება და საინტერესო ხდება, რაშიც უდიდესი წვლილი სახელმწიფოსთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიუძღვის. რამდენიმე წლის წინ კლუბებს სხვა გარემოში გვიწევდა თამაშების ჩატარება, ახლა კი სხვა რეალობაა.
– ახლა, ქართლოს ჭუმბურიძე და დავით პეტრიაშვილი ცოცხლები რომ იყვნენ…
– ორივე მათგანს უდიდესი როლი მიუძღვის „საბურთალოს“ ჩამოყალიბებასა და წარმატებაში. ქართლოს ჭუმბურიძემ თავის თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ეს კლუბი. ალბათ, ახლა მასზე ბედნიერი არავინ იქნებოდა და ძალიან იამაყებდა თავისი დაფუძნებული კლუბის მცირე წარმატებით. ქართლოსი იყო სამაგალითო ადამიანი. კაცი, რომელიც მხოლოდ სიკეთის თესავდა.
რაც შეეხება დავით პეტრიაშვილს – მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა. როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში მუშაობისას, ყოველთვის ქართული ფეხბურთის საქმეს აკეთებდა. პეტრიაშვილი იყო „საბურთალოს“ საპატიო ვიცე-პრეზიდენტი. ქართლოსის მსგავსად, ისიც ძალიან გაიხარებდა იმ პატარა წარმატებით, რაც ამ წუთებში „საბურთალოს“ აქვს.
მადლობა ქართლოსს, მადლობა „პეტროს“!