“ფეიენოორდთან” უშანსოდ წავაგეთ…

0
39

თბილისის „დინამო“ ჰოლანდიის „ფეიენოორდს“ არსებობის ისტორიაში ევროთასებზე მეორედ უპირისპირდება. 1980-1981 წლების სეზონში ევროპის თასების მფლობელთა თასის 1/2-ფინალში „დინამომ“ სახლში როტერდამელებს 3:0 მოუგო, ხოლო სტუმრად 0:2 დამარცხდა და ფინალში გავიდა. ამჯერად, ჰოლანდიელებმა დინამოელები უშანსოდ დაამარცხეს და ფაქტობრივად, პლეი-ოფში თამაში გაინაღდეს.

როტერდამელები თავიდანვე უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და თბილისელებს მეტოქის ნახევარზე ბურთის გადატანაც კი უჭირდათ. „ფეინოორდს“ ანგარიშის გახსნა დებიუტში შეეძლო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შესული ბერგუისის დარტყმა პერალესმა ცუდად მოიგერია და კარის ახლოს მყოფმა ლარსონმა გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. მე-13 წუთზე ჰაპსმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად დაარტყა და „დინამოს“ ესპანელმა მეკარემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. ცოტა ხანში, ბერგუისი აღმოჩნდა თბილისელთა კარის წინ და მის დარტყმულ ბურთს პაპავა, რომ არ გადაფარებოდა, შესაძლოა ანგარიში გახსნილიყო.

43-ე წუთზე ბერგუისმა ლარსონთან საჯარიმოში კედელი გაითამაშა და მარცხნიდან ზუსტი პასი მისცა სინისტერას, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:0.

79-ე წუთზე თბილისელები კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან შულაიამ სამი წუთის მანძილზე ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

81-ე წუთზე, ბერგუისმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და კობოურმა ბურთი თავით საკუთარ კარში ჩაჭრა.

84-ე წუთზე ლარსონის თავურის შემდეგ მონხილმა თავის საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა და მსაჯის დანიშნული პენალტი გოლად ბერგუისმა აქცია.

88-ე წუთზე ლარსონი თბილისელთა საჯარიმოში მეტოქე მცველს იოლად გასცდა და პასი ნარსინგს გაუკეთა, რომელსაც ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.

„დინამო“ „ფეიენოორდთან“ საპასუხო მატჩს 15 აგვისტოს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს, რადგან უეფამ თბილისური კლუბი „გაბალასთან“ საშინაო მატჩში გულშემატკივრების რასისტული გამოხდომების გამო დასაჯა.

„ფეიენოორდი“ (როტერდამი) – „დინამო“ (თბილისი) 4:0 (1:0)
როტერდამი. სტადიონი „დე კუიპი“.
„ფეიენოორდი“: ვერმერი, ნივკოპი (გერტრუიდა, 46), ჰაპსი, ვან დერ ჰეიდენი. ბერგუისი, ლარსონი, სინისტერა (ნარსინგი, 72), ფერი, ტაპია (ბურგერი, 77), კოკჯუ, ბოტეგინი (კ).
მთავარი მწვრთნელი: იაპ სტამი
„დინამო“: პერალესი, რუხაია (კ), მონხილი, კობოური, კუხიანიძე (ქარდავა, 77), შენგელია (შულაია, 46), პაპავა, ქიმაძე, კუტალია, ნინუა ქავთარაძე.
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე
გოლი: 1:0 სინისტერა (43), 2:0 კობოური (82, საკ.კარში), 3:0 ბერგუისი (84, პენ.), 4:0 ნარსინგი (88)
გაფრთხილება: კუხიანიძე (29), კუტალია (36), ტაპია (51), ქიმაძე (65), შულაია (76), შულაია (79)
გაძევება: შულაია (79)
მთავარი მსაჯი: სერგეი ბოიკო