სტამი ჩისკოს გუნდს აქებს:”დინამო” ძლიერი კლუბია”

0
30

ჰოლანდიის ერედივიზიეს 2019-20 წლების სეზონის პირველ ტურში როტერდამულ დერბიში ”ფეიენორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იაპ სტამის დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა. ჰოლანდიურმა მედიამ ”ფეიენორდის” თამაშის ხარისხი და შედეგი უარყოფითად შეაფასა. ”დე კუიპზე” სტამის გუნდი ”სპარტასთან” ორჯერ აგებდა და საკმაოდ რთულ მატჩში ქულის მოპოვება მოახერხა – 2:2.

ევროპა ლიგაზე თბილისის ”დინამოს” მეტოქე მარცხს დამატებულ წუთზე გადაურჩა, მეორე ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე შვედმა სემ ლარსონმა გაიტანა და თანაგუნდელები მარცხისგან იხსნა, სტამი კი კიდევ უფრო დიდ კრიტიკას გადაარჩინა.

როტერდამული დერბის შემდეგ სტამი მედიას ესაუბრა:”ეს მატჩი მხოლოდ ნეგატიური კუთხით არ უნდა შევაფასოთ, რადგან ჩემი გუნდის თამაშში გარკვეულ მომენტებში პოზიტიური ასპექტები შეინიშნებოდა. მეტოქე თავს კარგად იცავდა და სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებას ახერხებდა. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

ჩემი გუნდის ფეხბურთელები დაცვაში თამაშს კარგად ახერხებდნენ, თუმცა შეტევაშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლის გატანის არაერთი შანსი ხელიდან გავუშვით. გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო”.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა იაპ სტამს თბილისის ”დინამოზეც” ჰკითხეს. სტამმა, რომელიც იტალიურ ”მილანში” კახა კალაძის თანაგუნდელი იყო, ქართულ კლუბის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა:”თბილისის ”დინამო” ძლიერი გუნდია”.

სტამმა პრესკონფერენციისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უცნობია რამდენად დიდი დანაკლისით მოუწევთ ”დინამოსთან” თამაში. სტამით თქმით ტრავმირებულია გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ნიკოლაი იორგენსენი. ასევე საეჭოა იენს ტორნსტრას,  სვენ ვან ბეკის, ერიკ ბოტეგინისა და დილან ვენტეს თამაში. სტამის განცხადებით მათი ”დინამოსთან” ასპარეზობის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ  ”ფეიენორდის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სტევენ ბერგიუისმა ”ფეიენორდთან” კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ”ფეიენორდი” ”დე კუიპზე” თბილისის ”დინამოს” უმასპინძლებს. მატჩი 8 აგვისტოს გაიმართება. საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს ”დინამო არენაზე” შედგება.