“ჩიხურას” ფრე სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილ გუნდთან

0
59

„აბერდინი” მეორე შოტლანდიური გუნდია, რომელიც საქართველოში ევროთასებზე სათამაშოდ ჩამოვიდა. 1995-1996 წლების სეზონში, ევროპის თასების მფლობელთა თასზე ბათუმის „დინამომ” გლაზგოს „სელტიკთან” შინ 2:3 წააგო, ხოლო სტუმრად 0:4 დამარცხდა.
„აბერდინი“ შოტლანდიის ოთხგზის ჩემპიონია, შოტლანდიის თასს შვიდჯერ ფლობდა, ხოლო ლიგის თასს – ექვსჯერ. გუნდს განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი 1978-1986 წლებში ჰქონდა, როდესაც ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონი ავარჯიშებდა და ქვეყნის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, ხოლო შოტლანდიის თასს ოთხჯერ დეუფლა.
1983 წელს „აბერდინმა“ ევროპის თასების თასი მოიპოვა და ფინალში მადრიდის „რეალი“ 2:1 დაამარცხა. იმავე წელს უეფას სუპერთასს დაეუფლა და ჩემპიონთა თასის მაშინდელ მფლობელ გერმანიის „ჰამბურგს“ ორი მატჩის ჯამში აჯობა (0:0, 2:0).
თუმცა, ეს ყველაფერი წარსულში იყო და 1986 წლის შემდეგ, „აბერდინს“ ქვეყნის ჩემპიონატი აღარ მოუგია. ბოლო ყველაზე დიდი წარმატება 2014 წელს შოტლანდიის ლიგის თასის დაუფლება იყო.
ევროთასებს რაც შეეხება, „აბერდინს“ ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ჯგუფში არასოდეს უთამაშა. თუმცა, გუნდი ბოლო 5 სეზონია ზედიზედ ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე თამაშობს.
გასულ სეზონში, შოტლანდიელები ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისის „ბარნლის“ შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში წააგეს – 1:1, 1:3.
მატჩის საწყის წუთებში ტერიტორიულ უპირატესობას „აბერდინი“ დაეუფლა, მაგრამ „ჩიხურამ“ ვითარება მალე გამოასწორა და მოედანზე თანაბარი ორთაბრძოლა მიმდინარეობდა.
შოტლანდიელებმა მე-18 წუთზე იძულებითი ცვლილება გააკეთეს – ტრავმირებული ტეილორის ნაცვლად მოედანზე ბრუსონი შევიდა.
მე-40 წუთზე ირაკლი ლექვთაძემ სტუმართა საჯარიმოში კარგი ფინტი გაუკეთა შოტლანდიელთა მცველ ოჯოს, რომელმაც საჩხერელთა ნახევარმცველი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. კორიფაძემ თერმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ტაიმი „ჩიხურამ“ მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა საჯარიმოში მარცხნიდან ჰეჯესი შეიჭრა და სახიფათოდ ჩააწოდა – ოლეგ მამასახლისი მიერ მოგერიებული ბურთი ჰამზიჩის კარს ოდნავ ასცდა.
ამ ეპიზოდიან ცოტა ხანში, „ჩიხურას“ ხანგრძლივი შეტევა, რომელიც ერთ მომენტში თითქოს ჩაიშალა. მიშიკო სარდალიშვილმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან სახიფათო, მაგრამ არაზუსტი დარტყმით დაასრულა.
მეორე ტაიმის შუაწელში „აბერდინმა“ თამაშის სადავეები ხელთ იგდო და შეტევას შეტევაზე ანხორციელებდა. მორიგი ასეთი იერიშის დროს ჰეჯესი საჯარიმოში შედიოდა და დავით მაისაშვილმა ბურთზე ხელით ითამაშა – მსაჯმა დადების გარდა, ქართველი მცველი გააფრთხილა. თერთმეტემტრიანი კოსგროუმ გაიტანა.
ამის შემდეგაც შოტლანდიელებს ტემპი არ დაუგდიათ და საჩხერელებსაც დაღლა დაეტყოთ. მასპინძლების ერთ-ერთი იშვიათი შეტევის შემდეგ, რევაზ ჩიტეიშვილმა შორი მანძილიდან „გაისროლა“ და ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.
84-ე წუთზე, ჩიკვაიძის კარგი გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ერგემლიძე კარიდან გამოსულ ლუისს გასცდა და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ შოტლანდიელთა გოლკიპერი ბოლო მომენტში ბურთს მისწვდა და მასპინძლებს დაწინაურების საშუალება არ მისცა.
სამწუხაროდ, „დინამო არენაზე“ საჩხერელთა მხარდასაჭერად ცოტა მაყურებელი მივიდა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ შოტლანდიელებსაც ჩამოჰყვათ დაახლოებით 50 გულშემატკივარი თბილისში.
საპასუხო შეხვედრა 1-ელ აგვისტოს აბერდინში გაიმართება.

„ჩიხურა“ (საჩხერე) – „აბერდინი“ (შოტლანდია) 1:1 (1:0)
თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
„ჩიხურა“: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (ჩიხლაძე, 74), მამასახლისი, კაშია (კ), ჩიკვაიძე, მაისაშვილი, ლექვთაძე (ფანცულაია, 76), ერგემლიძე, კორიფაძე, დეკანოიძე, სარდალიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
„აბერდინი“: ლუისი (კ), ლოგანი, კონსიდინი, მაკენა, მაკგინი, ჰეჯესი, ტეილორი (ბრუსონი, 18), კოსგროუ, ფერგიუსონი, გალაჰერი (უილსონი, 82), ოჯო.
მთავარი მწვრთნელი: დერეკ მაკინესი
გოლი: 1:0 კორიფაძე (40), 1:1 კოსგროუ (68)
გაფრთხილება: ლექვთაძე (9), ტეილორი (14), ერგემლიძე (21), ოჯო (23)
მთავარი მსაჯი: ჰორატიუ ფესნიკი