“დინამომ” “ფეიენოორდთან” შეხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

0
22
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამომ” გასვლაზე 2:0 დაამარცხა “გაბალა”.

შეხვედრამ გაბალაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, ხუთათასიანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, მოედანი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო, ძალიანაც არ ცხელოდა და კარგ ფორმაში მყოფმა სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს. მასპინძლები მათ ტემპში ვერ აჰყვნენ, იუხეშეს და დებიუტშივე მსაჯმა მათი ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.
თუმცა, სახიფათო მომენტები “გაბალამ” შექმნა – ბოკემ ჯერ მიზანს ოდნავ ააცილა ბურთი, შემდეგ კი მეკარემ არ დაანება გატანა.
“დინამოს” პირველი ნაღდი მომენტი 28-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე კუტალიამ ყველას დაასწრო, მაგრამ მისი თავური გოლკიპერმა მოიგერია. თუმცა, ლევანმა შესვენებამდე მაინც გაიტანა თავით გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. მასვე კიდევ ერთხელ შეეძლო ნაზიროვის კარის დალაშქვრა, მაგრამ შორიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ოდნავ არაზუსტი იყო.
მოკლედ, “დინამო” ვიზავის კლასით აშკარად სჯობნიდა და თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა. უნდა აღინიშნოს, ჩვენი გუნდის დაცვა შეცდომებს უშვებდა და კონტრშეტევაზე ვოლკოვს მიეცა შანსი – მისი დარტმული ბურთი პერალესმა მოიგერია. შემდეგ ნინუას “გაბალას” კიპერმა არ გაატანინა გოლი, მერე კუტალიამ ბურთი ძელს გაარტყა, 87-ე წუთზე კი დაფემ დალაშქრა მეტოქის კარი.
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 1-ელ აგვისტოს თბილისში გაიმართება, წყვილში გამარჯვებული კი როტერდამის “ფეიენოორდს” შეხვდება.

გაბალა. “საჰარი”
გაბალა – დინამო (თბ) 0:2
გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი, რამალდანოვი, ალიევი (მამადოვი 85), ბოკე, ისკანდაროვი (კუაკუ 77), ფერეიროა ლოპესი, ნაბიევი, გიგაური, ვოლკოვი (მურადოვი 61).
დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, იაშვილი, პაპავა, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 74), შენგელია (კარიკარი 86), კუხიანიძე (ქარდავა 65), კუტალია.
გოლები: 0:1 კუტალია (41), 0:2 დაფე (87)