მიქელთაძის გამარჯვების გოლი

0
12

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ყაზანის ”რუბინმა” სტუმრად მოსკოვის ”დინამო” ბექა მიქელთაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა. 21 წლის მიქელთაძემ ყაზანურ კლუბში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, 46-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მეორე ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 36-ე წუთზე ”რუბინის” ფეხბურთელს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და მატჩის დარჩენილი დრო მოსკოვის ”დინამომ” რიცხვობრივ უპირატესობაში გაატარა.
”რუბინის” სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი მოხვდა, რომელიც 77-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.
ყაზანურმა კლუბმა საწყის ორ ტურში ქართველი ფეხბურთელების გოლებით ოთხი ქულა მოაგროვა. პირველ ტურში მოსკოვის ”ლოკომოტივთან” შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ”რუბინისთვის” გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც თავი სადებიუტო მატჩში ყოფილი გუნდის კარში შეგდებული გოლით გამოიჩინა. ანალოგიურად ბექა მიქელთაძემ სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.
მესამე ტურში ”რუბინი” ”ახმატს” უმასპინძლებს.