“დინამომ” ანდორაშიც იმარჯვა

0
17

“დინამო თბილისმა” ანდორაში “ესტადი კომუნალიზე” უეფას ევროპა ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩი “ენგორდანისთან” გამართა და აბდელ მეჯუბის მიერ გატანილი გოლით იმარჯვა. მოგეხსენებათ თბილისური შეხვედრა დინამომ 6:0 მოიგო, საპასუხო მატჩში კი ჩვენი გუნდი მოედანზე ნაწილობრივ გადახალისებული შემადგენლობით გავიდა. დაცვის მარცხენა ფლანგზე უკრაინელი ოლექსანდრ კაპლიენკო გაამწესეს მწვრთნელებმა, მოედნის ცენტრში კი ასევე უკრაინელი ლეგიონერის მიჰაილო შიშკას დებიუტი შედგა. შეტევის მარცხენა ფრთაზე კი არფან დაფემ დაიკავა ადგილი.
თავად შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თუმცა უამრავი საგოლე სიტუაციის მიუხედავად დინამოელებს შეტევის ბოლო ფაზაში სიზუსტე აკლდათ. რამდენჯერმე საკუთარი კარი მასპინძელთა მეკარემაც იხსნა, ორჯერ კი “ენგორდანი” გაშვებულ გოლს კარის ძელმა გადაარჩინა. საბოლოოდ დინამოელებმა გოლი 81-ე წუთზე გაიტანეს. ევროთასებზე სადებიუტო გოლით აბდელ მეჯუბი გამოირჩა.
დინამოელები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ “გაბალას” დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი გაბალაში 25 ივლისს შედგება, საპასუხო პაექრობას კი დინამო არენა 1-ელ აგვისტოს უმასპინძლებს.

ენგორდანი  0:1  დინამო
ენგორდანი: რუბიო, ბრიტუ, რუისი, ბუჰარმა, სპანო, ლაფონტი, სოარეში, აგუერო, სერა, გომესი, ფერე.
დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, კობოური, კაპლიენკო, შიშკა, ქარდავა, ზარია, შულაია, დაფე, კუტალია.
გოლი: 0:1 მეჯუბი (81)
გაფრთხილება: სპანო, ფერე
მსაჯი: ბალაშ ბერკე (უნგრეთი)