„საბურთალომ“ ბეწვის ხიდზე გაიარა

0
24

პირველ მატჩში სტუმრად მოლდოვაში 3:0 გამარჯვების შემდეგ, „საბურთალოსთვის“ შემდეგ ეტაპზე გასვლა როგორ იტყვიან „ტექნიკის საქმე“ იყო. თუმცა, თბილისელმა ფეხბურთელებმა თავადაც გვარად ინერვიულეს და სტადიონზე შეკრებილ მაყურებელსაც ნერვები დააწყვიტეს. საბოლოოდ, მატჩი საქართველოს ჩემპიონისთვის სასურველი ანგარიშით დასრულდა, რომელიც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს…
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა საპასუხო მატჩში იმავე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რაც ტირასპოლში. „შერიფის“ თავკაცმა სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა – პირველი წუთიდან მოედანზე ანტონი, ტამბე, მუჟეკი და ნდიაიე გამოჩნდნენ.
თამაში „საბურთალოსთვის“ კოშმარულად დაიწყო და 10 წუთში სამი გოლი გაუშვა. მესამე წუთზე სტუმრებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ტამბეს თავური მიგინეიშვილმა გაანეიტრალა, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას ლატიფიმ დაასწრო, რომელმაც ახლოდან გაიტანა – 0:1. ამ ეპიზოდში თბილისელთა დაცვა აშკარად „ჩავარდა“. მერვე წუთზე სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს – მარჯვნიდან წამოწყებულ შეტევას საჯარიმოში პასი მოჰყვა და ტამბესთან ორთაბრძოლაში მარგველაშვილმა ბურთის თავის კარში ჩაჭრა – 0:2. მეათე წუთზე, „შერიფის“ მეკარემ ბურთი თამაშში შეიყვანა, მეტოქის ნახევარზე საჰაერო ორთაბრძოლა ბობანმა მოიგო, ხოლო თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ტამბემ დუბლი შეასრულა – 0:3.
მე-13 წუთზე, „საბურთალომ“ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და გიორგი რეხვიაშვილის თავურის შემდეგ, სტუმრები გოლის გაშვებისგან მეკარემ გადაარჩინა.
მე-16 წუთზე, კოხრეიძე, მარცხნიდამ ჩააწოდა ტირასპოლელთა საჯარიმოში, სადაც მცველებმა ბურთი ცუდად მოიგერიეს და გეგა დიასამიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
32-ე წუთზე, საბურთალოელებმა თავის ნახევარზე ბურთი დაკარგეს და ლაფიტიმ შორი მანძილიდან ძლიერად, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
მე-40 წუთზე, იმავე ლაფიტიმ საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და მიგინეიშვილმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ტაიმის მიწურულს მასპინძელთა ხანგრძლივი შეტევა შორი მანძილიდან ლაკვეხელიანის არაზუსტი დარტყმით დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გონსალვესი მარჯვენა ფრთაზე ერთ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოში შესული წაიქცა – მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში გონსალვესმა მარჯვნიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში თავით რეხვიაშვილმა ითამაშა, ხოლო ბურთი კუთხურზე მოლდოველი ფეხბურთელისგან გავიდა. რეხვიაშვილი მსაჯს მიუთითებდა, რომ ტირასპოლელა ხელით ითამაშა, მაგრამ ამაოდ.
59-ე წუთზე, მარცხნიდან ლაკვეხელიანმა „შერიფის“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ოგნენ როლოვიჩმა ერთი შეხებით გაიტანა – 1:3.
67-ე წუთზე, საბურთალოელთა რამდენიმესვლიანი კომბინაცია კოხრეიძემ შორეულ კუთხეში სახიფათო, თუმცა ოდნავ არაზუსტი დარტყმით დაამთავრა.
73-ე წუთზე, „შერიფი“ კაცნაკლული დარჩა, რადგან კოხრეიძესთან უხეშობისთვის პალჩიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა.
77-ე წუთზე, გონსალვესმა მარჯვნიდან კუთხური შეასრულა და გიორგი გაბედავას თავურის მერე, „შერიფი“ გოლის გაშვებას გადარჩა.
ორ წუთში, ლატიფის სახიფათო საჯარიმოს მერე, მიგინეიშვილმა იყოჩაღა და ბურთი მოიგერია.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში კოხრეიძემ მეტოქის კარის წინ დიასამიძე მარტო დატოვა, რომელმაც გოლის გატანის აშკარა შანსი ხელიდან გაუშვა.
„საბურთალო“ მეორე საკვალიფიკაცო ეტაპზე ზაგრების „დინამოს“ შეხვდება. თბილისელები პირველ შეხვედრას 23 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.

საბურთალო“ (თბილისი) – „შერიფი“ (მოლდოვა) 1:3 (0:3)
თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
„საბურთალო“: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი (კ), გონსალვესი (შინდაგორიძე, 80), კოხრეიძე, ლაკვეხელიანი, დიასამიძე, რეხვიაშვილი, ალთუნაშვილი (ტერა, 70), როლოვიჩი (გაბედავა, 76), გორგიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
„შერიფი“: მიკულიჩი, მუჟეკი, პალჩიჩი, კრისტიანო, ანტონი, გორდიენკო (პალიჩი,69), ლაფიტი, ტამბე, ბობანი (ლეანდრო რიბეირო, 70), კენდიში (კ), ნდიაიე.
მთავარი მწვრთნელი: ზორან ზეკიჩი.
გოლი: 0:1 ლატიფი (3), 0:2 მარგველაშვილი(8 საკ,კარში), 0:3 ტამბე (10), 1:3 როლოვიჩი (59)
გაფრთხილება: პალჩიჩი (12), გორდიენკო (22), კოხრეიძე (23), გონსალვესი (40), ნდიაიე (63), კენდიში (63), პალჩიჩი (73), მარგველაშვილი (79)
გაძევება: პალჩიჩი (73)
მთავარი მსაჯი: პაველ ორელი (ჩეხეთი)