სტუდენტური ლიგის ჩემპიონი სპორტის უნივერსიტეტი გახდა

0
39

სტუდენტური ლიგის ჩემპიონი სპორტის უნივერსიტეტი გახდა. როლანდ გელოვანისა და გიორგი ფურცელაძის გაწვრთნილმა “სპორტ უნიმ” ფინალური სერიის მეორე მატჩი 54:55 დათმო ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან, თუმცა მთლიანობაში გამარჯვებული გამოვიდა. “სპორტ უნიმ” ფინალური სერიის ორი შეხვედრის ჯამში 113:108 გაიმარჯვა და სტუდენტური ლიგის ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული პროფესიული – “ა” ლიგის საგზური მოიპოვა. მომავალი სეზონიდან სპორტის უნივერსიტეტის გუნდი “ა” ლიგაში იასპარეზებს და სეზონურ ბიუჯეტურ დაფინანსებას – 60 000 ლარს მიიღებს, ხოლო წარმატების შემთხვევაში სუპერლიგაში გადასვლის შანსი ექნება.

ეს ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც საუნივერსიტეტო სპორტისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციები სტუდენტური ლიგის ერთობლივ ორგანიზებაზე შეთანხმდნენ. სტუდენტური ლიგის გამარჯვებულს ჩემპიონის ტიტულთან ერთად ჯილდოდ “ა” ლიგის საგზური დაუწესდა და მისი პირველი მფლობელი, როგორც მოგახსენეთ, სპორტის უნივერსიტეტი გახდა. ფინალური სერიის მეორე მატჩი საკმაოდ ემოციური, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გულშემატკივარმა თითქმის ბოლომდე შეავსო ტრიბუნები და საკუთარ გუნდებს ომახიანად ქომაგობდა.

მატჩის მიმდინარეობაც ისეთი დაძაბული იყო, ფინალს რომ შეშვენის. გუნდები ბოლომდე იბრძოდნენ და სათამაშო კლასზე მეტად ხისტი მომენტები და შესაბამისად, ზომაზე ბევრი შეცდომები იყო. ანგარიშიც თანაბრად იზრდებოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში მხოლოდ 10:9 იყო (სპორტ უნის სასარგებლოდ), ხოლო დიდი შესვენებისთვის სტუ გალიდერდა – 26:22. პირველი მატჩის შემდეგ სტუ-ს 6 ქულა ჰქონდა გასაბათილებელი და მესამე პერიოდის შემდეგ ამ მიზნამდე მცირედი ჰქონდა დარჩენილი. ტექნიკოსები ბოლო მეოთხედის წინ 41:36 იგებდნენ და საბოლოო წარმატებამდეც გადამწყვეტ მომენტში მეტი კონცენტრაცია მართებდათ.

სტუმ-მ საბოლოო ნაბიჯი ვეღარ გადადგა. მატჩის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ტექნიკოსებს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბუაჩიძე 5 პერსონალურის გამო გამოაკლდათ, რამაც ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი გვარიანად დაასუსტა. ამას დაერთო “სპორტ უნის” მოთამაშეთა მიჯრით ჩაგდებული 2 სამქულიანი, რის შემდეგაც გელოვანის გუნდი დაწინაურდა. ბოლო პერიოდის შუაწელამდე სპორტის უნივერსიტეტელებს 12-დან ყველა სამქულიანი აცილებული ჰქონდათ, როცა ნახევარი წუთის ინტერვვალში ვლადიმერ დოლიძემ და გიორგი გოგოლაძემ ზედიზედ ორ შეტევაში სამიანები მიითვალეს. ეს გახდა გარდამტეხი მომენტი. ქულით ჩამორჩენილმა და ძირითადი ცენტრის, დავით ბუაჩიძის გარეშე დარჩენილმა სტუ-მ დარჩენილ დროში ვეღარ მოახერხა საერთო დეფიციტის აღმოფხვრა. მართალია, ბექა ლომაშვილისა და შიო ლეშკაშელის სამქულიანებით ტექნიკოსებმა მატჩი მოიგეს, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვება “სპორტ უნის” დარჩა.

ჩემპიონთაგან 16 ქულით ბომბარდირი გახდა ვლადიმერ დოლიძე, ხოლო ლევან თავხელიძე ორმაგი დუბლით (13 ქულა, 12 მოხსნა) გამოირჩა. რატი გვაზავას ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. სტუ-ში დავით ბუაჩიძე და ბექა ლომაშვილი გამოირჩნენ. ორივეს ანგარიშზე 11-11 ქულა და 14-14 მოხსნა დაგროვდა. 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით დაასრულა შეხვედრა ირაკლი წიქარიშვილმა.