შვიდკაცა – მერვე ადგილი საფრანგეთში

0
14

საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა კოლომიეში გამართული 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი მერვე ადგილზე დაასრულა და ტოკიოს საგზურისთვის ვეღარ იბრძოლებს.

პირველი დღის შემდეგ, ჩვენი გუნდი მოწინავე რვეულში მოხვდა და თასის მეოთხედფინალში მასპინძელ საფრანგეთს შეხვდა, ოთხი უპასუხო ლელო გაუშვა და მომავალმა ფინალისტმა 28:0 იმარჯვა, რითაც ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას გამოგვთიშა.

მეხუთე ადგილის ნახევარფინალში მეტოქედ გერმანია გვერგო, რომელსაც წინა დღეს ჯგუფურ ეტაპზეც ვეთამაშეთ. სამწუხაროდ, რევანში არ შედგა. მართალია ამჯერად მეტოქემ მხოლოდ სამი ლელო გაიტანა, თუმცა პასუხის გაცემა ვერ შევძელით და 0:19.

მეშვიდე ადგილისთვის იტალიას შევხვდით. მეტოქე ორი ლელოთი დაწინაურდა, რაზეც ივანე ხელაიამ ტაიმის ბოლოს უპასუხა და სხვაობა შვიდ ქულამდე დავიდა. მეტოქემ ლელო-გარდასახვა მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა, რის შემდეგაც ნიკო აფციაურმა დუბლი შეასრულა, მაგრამ ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო და იტალიამ 21:19 იმარჯვა.

ოლიმპიადის პირდაპირი საგზური ინგლისმა მოიპოვა. მან ფინალში საფრანგეთი 31:7 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის ირლანდიამ პორტუგალიას 26:12 სძლია და გაისად, საფრანგეთთან ერთად, საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ითამაშებს.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ერთ კვირაში ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე პოლონეთში ითამაშებს.

განვლილ ტურნირსა და სამომავლო გეგმებზე შვიდკაცას მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ ისაუბრა: „ის გუნდები, რომლებიც უკვე წლებია შვიდკაცა რაგბის განვითარებაზე ზრუნავენ, ჩვენზე წინ დარჩნენ. შეგვეძლო იტალიის დამარცხება, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. ერთ კვირაში ევროპის გრან პრის მეორე ეტაპი გველის და ვეცდებით რუსეთთან ერთად მასაც გადავასწროთ, რაც ჰონკონგის შესარჩევ ტურნირში თამაშის უფლებას მოგვცემს“.
„ვფიქრობდით, რომ კოლომიეში მეხუთე-მეექვსე ადგილს დავიკავებდით, მაგრამ ამისათვის ჯერ მზად არ აღმოვჩნდით. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთები დავკარგეთ და ასეთი დონის მეტოქეები ამას არ პატიობენ. ტურნირის მსვლელობისას ტრავმებით სამი მორაგბე დავკარგეთ, რამაც უკეთესი ადგილის დაკავებაში ხელი შეგვიშალა. ვფიქრობ, მომდევნო სამი წელიწადი იგივე ჯგუფმა უნდა იმუშაოს და 2024 წელს საფრანგეთის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი გვექნება. საფრანგეთი, როგორც მასპინძელი, იქ უკონკურსოდ მოხვდება. იმედია ინგლისი პარიზში მსოფლიოს სერიიდან მოხვდება და ეს კონკურენციას შეამცირებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და მომავალ წლებში ჩვენს გვერდით იქნება“.