“სახალისო ფეხბურთი ღია სკოლა” მეჯვრისხევში

0
25

საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პროექტი „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ დაიწყო. პროექტის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე რევაზიშვილი და სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრო. მოგვიანებით, სტუმრები ბავშვებს შეუერთდნენ და მათთან ერთად ჩაერთვნენ აქტივობებში. პროექტში გორის მუნიციპალიტეტის სოფლების 200-ზე მეტი ბავშვი იღებს მონაწილეობას.

ლევან კობიაშვილი – სფფ-ის პრეზიდენტი: “დღეს, პროექტის “სახალისო საფეხბურთო ღია სკოლის” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ვიმყოფებით. როგორც იცით, ფეხბურთის ფედერაციამ ინიციატივა აიღო და წელს უკვე მეორედ ვახორციელებთ ამ პროექტს, მომავალში კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოვიცავთ. როგორც ხედავთ, დღეს 200-ზე მეტი ბავშვი იღებს მონაწილეობას, რაც ძალზე სასიხარულოა. ამ პროექტის მიზანი სწორედ ის არის, რომ ბავშვებს, ძალიან მარტივად, ელემენტარული, სახალისო მიდგომებით შევაყვაროთ და ვასწავლოთ ფეხბურთის თამაში, რათა მათ მომავალშიც გააგრძელონ ეს საქმიანობა და რაც მთავარია, იყვნენ სპორტში ჩართულები. ეს არის ყველა ჩვენგანის პრიორიტეტი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, ამ ბავშვებს წვრთნას ფეხბურთის ფედერაციის მიერ გადამზადებული მწვრთნელები უტარებენ.”

დავით მუჯირი – სფფ-ის გენერალური მდივანი: “მოგეხსენებათ, წელს, სოფლების მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფელ მეჯვრისხევში მოედნის რეაბილიტაცია მოვახდინეთ და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, როგორც მასობრივი ფეხბურთის, ისე ბავშვთა ფეხბურთის კუთხით, აქ ადგილზე ფეხბურთი ითამაშოს. დღეს, 200-ზე მეტ ბავშვს მიეცა საშუალება ფეხბურთი ეთამაშა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს 10-ზე მეტი ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა დღევანდელი დღე გამორჩეული იყო, რადგან ამდენი ბავშვი მონაწილეობდა, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან ყოველთვის შევუწყობთ ხელს მათ, ვინც ფეხბურთის თამაშით არის დაინტერესებული.”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით საერთაშორისო პროექტი “სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა” უკვე მეორედ იმართება და მალე საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

“სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა” საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1998 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი 5-12 წლამდე ბავშვების საფეხუბრთო ცხოვრებაში ჩართვაა. 1998 წლიდან დღემდე აღნიშნულ პროექტში 950 000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. “სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა” საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარეობს.