“საბურთალოს” ტრიუმფული დებიუტი ევროთასზე

0
10

ევროთასებზე „საბურთალოს“ დებიუტი  მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში შედგა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდი მოლდოვის „შერიფს“ ზედიზედ მეორედ გადაეყარა.
შარშან, ქუთაისის „ტორპედომ“ შინ პირველი მატჩი 2:1 მოიგო, ხოლო სტუმრად 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ამჯერად, „საბურთალომ“ ქუთაისელთა სანაცვლოდ სრულყოფილი რევანში აიღო და ბევრი სკეპტიკოსის საწინააღმდეგოდ, მოლდოვის ყველაზე ტიტულიან გუნდს უპირობოდ მოუგო. პირველი ტაიმი „საბურთალოს“ უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა.
21-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფმა როლოვიჩმა პარტნიორისგან ბურთი კი მიიღო, მაგრამ ცუდად დაამუშავა და უხეიროდ დაარტყა.
31-ე წუთზე, გონსალვესმა მარჯვენა ფრთაზე ბურთი ნიკა მალს გადააწოდა, რომელმაც „შერიფის“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა მონტენეგროელმა როლოვიჩმა თავით ანგარიში გახსნა.
39-ე წუთზე, გონსალვესმა მარჯვნიდან პასი მასპინძელთა საჯარიმოში გახსნილ გიორგი კოხრეიძეს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით „შერიფის“ კართან ახლოს მყოფი დიასამიძე მოძებნა, ამ უკანასკნელის დარტყმულს კი გვერდით ძელს მოხვდა.
ტაიმის მიწურულს მასპინძელთა ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და მიგინეიშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებს თამაშის სადავეები ხელიდან არც  შესვენების შემდეგ გაუშვიათ.
მეორე ტაიმის დასაწყისში „შერიფის“ საჯარიმოს სიახლოვეს „სტანდარტული“ დაინიშნა და გეგა დიასამიძის მიერ პირდაპირ კარში დაარტყმული ბურთი მიკულიჩმა კუთხურზე მოიგერია.
ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში, კოხრეიძემ გვარიანი მანძილი ირბინა და ტირაპოლელთა საჯარიმოში შესულმა ბურთი დიასამიძეს გადააწოდა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ჩააწოდა და მოლდოველთა მეკარემ იყოჩაღა.
63-ე წუთზე, „საბურთალოს“ მორიგი შეტევის დროს, დიასამიძემ მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მიკულიჩმა ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
68-ე წუთზე, კოხრეიძემ შეტევა წამოიწყო, რომელიც თავად შორი მანძილიდან ულამაზესი დარტყმით დააგვირგვინა და თბილისელები ორი ბურთით დააწინაურა.
71-ე წუთზე, მარცხნიდან გონსალვესმა კუთხური შეასრულა და მასპინძელთა საჯარიმოში მიმართულება ბურთს კოხრეიძემ შეუცვალა, ხოლო შორეულ ძელთან მყოფმა ლევან კაკუბავამ ახლოდან თავით გაიტანა.
საბურთალოელებმა სამბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და მეორე ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგეს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა თბილისში 16 ივლისს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

„შერიფი“ (ტირასპოლი) – „საბურთალო“ (თბილისი) 0:3 (0:1)
10 ივლისი. ტირასპოლი. სტადიონი „შერიფი“.
„შერიფი“: მიკულიჩი, პალჩიჩი (ტამბე, 70), იახი, ხურადო (ანტონი, 46), კრისტიანო, პალიჩი (ბალიმა, 46), კენდიში, გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, პოსმაჩი.
მთავარი მწვრთნელი: ზორან ზეკიჩი
„საბურთალო“: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, გონსალვესი, კოხრეიძე (გაბედავა, 78), ლაკვეხელიანი, დიასამიძე, რეხვიაშვილი, ალთუნაშვილი, როლოვიჩი, გორგიაშვილი (კაკუბავა, 61).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გოლი: 0:1 როლოვიჩი (31), 0:2 კოხრეიძე (68), 0:3 კაკუბავა (71)
გაფრთხილება: კენდიში (34), კოხრეიძე (45), ლაკვეხელიანი (57), კაკუბავა (77)
მთავარი მსაჯი: აივან გრიფიტი