მეცხრედ ისტორიაში – ბრაზილია “კოპა ამერიკის” ჩემპიონია

0
9

“კოპა ამერიკის” ფინალში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა პერუ 3:1 დაამარცხა და ტიტულს მეცხრედ დაეუფლა. მატჩი მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო – მე-15 წუთზე გაბრიელ ჟესუსის ეფექტურ თამაშს ევერტონის გოლი მოჰყვა. პერუელებმა ანგარიში 44-ე წუთზე გაათანაბრეს – პაულო გერერომ თერთმეტმეტრიანით ისარგებლა. “სელესაომ” წინ გასვლა პირველივე ნახევარში შეძლო – ტაიმის მიწურულს თავი ჟესუსმა გამოიჩინა.
შეხვედრის მეორე ნახევარში “ინკები” აქტიურობდნენ, თუმცა გარეკას გუნდმა გათანაბრება ვერ მოახერხა. 70-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გაბრიელ ჟესუსმა, რომელმაც მოედანი ნაადრევად დატოვა. მატჩის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა რიშარლისონმა დააფიქსირა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
ბრაზილიის ნაკრებმა 2007 წლის შემდეგ კოპა ამერიკის მოგება პირველად შეძლო, პერუ კი ფინალში პირველად დამარცხდა.
ალისონმა კარი მშრალად 889 წუთის მანძილზე შეინახა, ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაუშვა და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.
საუკეთესო ფეხბურთელად დანი ალვეში აღიარეს, ხოლო ბომბარდირები ევერტონი და გერერო გახდნენ.
კოპა ამერიკა ბრაზილიას უკანასკნელად 12 წლის წინ ჰქონდა მოგებული და ხუთივე საშინაო ტურნირზე იმარჯვა.
კოპა ამერიკა ბრაზილიაზე მეტჯერ ურუგვაის (15) და არგენტინას (14) აქვთ მოგებული.

რიო-დე-ჟანეირო. “მარაკანა”
ბრაზილია – პერუ 3:1
გოლები: 1:0 ევერტონი (15), 1:1 გერერო (44, პენ), 2:1 გაბრიელ ჟეზუსი (45+3), 3:1 რიშარილსონი (90, პენ)
გაძევება: გაბრიელ ჟეზუსი (70).
ბრაზილია: ალისონი, დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ალეკს სანდრო, არტური, კაზემირო, ევერტონი (ალანი 90+3), კოუტინიო (მილიტაო 77), გაბრიელ ჟეზუსი, ფირმინო (რიშარილსონი 75).
პერუ: გალესე, ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, ტრაუკო, ტაპია (გონსალესი 82), იოტუნი (რუიდიასი 78), კარილიო (პოლო 86), კუევა, ფლორესი, გერერო.