7 ივლისი, “მარაკანა” – ბრაზილია:პერუ

0
4
“კოპა ამერიკას” ნახევარფინალში პერუს ნაკრებმა მოულოდნელად 3:0 დაამარცხა ჩილე.
თამაში უცნაური სცენარით განვითარდა, უდავო ფავორიტი ჩილე უტევდა, გოლები კი პერუმ გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. პერუ ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტს, მაგრამ საკმაოდ რთულად დასამარცხებელი გუნდია, მით უმეტეს, როდესაც ორბურთიან ფორას მოიპოვებს.
ასეც მოხდა, პერუელებმა თავი წარმატებით დაიცვეს და შტურმზე გადასულ ზურგმოშიშვლებულ მეტოქეს კომპენსირებულ დროში მესამე ბურთიც შეუგდეს. ბოლოს ჩილელთა თავდამსხმელმა ვარგასმა არაფრისმომცემი პენალტიც ვერ გამოიყენა და კოლუმბიელი მსაჯის, როლდანის საფინალო სასტვენიც გაისმა.
მოკლედ, მეოთხედფინალში ურუგვაის ძლევის შემდეგ, “ინკებმა” “ლა როხაც” გაისტუმრა სახლში და ფინალში იმ ბრაზილიას შეხვდება, რომელთანაც ჯგუფში 0:5 განადგურდა.
პერუ ქამდე ამ ტურნირის ფინალში სულ ორჯერ გავიდა – 1939 და 1975 წლებში.
ფინალი 7 ივლისს “მარაკანაზე” გაიმართება.

 

პორტუ-ალეგრი. “გრემიო”
ჩილე – პერუ 0:3
გოლები: 0:1 ფლორესი (21), 0:2 იოტუნი (39), 0:3 გერერო (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ვარგასი (90+5)
ჩილე: არიასი, ბოსეჟური, ისლა, მარიპანი (კასტილიო 89), ფუენსალიდა (საგალი 46), არანგისი, სანჩესი, პულგარი, ვარგასი, ვიდალი, მედელი.
პერუ: გალესე, ადვინკულა, ტრაუკო, აბრამი, სამბრანო, ტაპია, კუევა (ბალონი 80), იოტუნი, კარილო (პოლო 71), ფლორესი (გონსალესი 50), გერერო.