ბრაზილიის ორი მომენტი, ორი გოლი და ფინალი

0
52
“კოპა ამერიკას” ნახევარფინალში, რომელიც ტურნირის ნაადრევ ფინალად მართებულად მონათლეს, ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინა 2:0 დაამარცხა.
როდის, სად, რა ფორმატში, როგორ მოედანზე, როგორ ვითარებაში ტარდება მათი თამაში, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეს სამხრეთ ამერიკის კლასიკოა, თვით ბრაზილია – არგენტინაა.
ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 106-ჯერ დაუპირისპირდნენ, 41-ჯერ “სელესაომ” იმარჯვა, 38-ჯერ “ალბისელესტემ”, 26 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
107-ე დაპირისპირებას მინას-ჟერაისის შტატის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც ღამით სტუმარ ფეხბურთელებს ფანებმა ტკბილი ძილი დაუფრთხეს, 62 170-ადგილიანი სტადიონი კი, სადაც ბრაზილიამ გერმანიასთან კატასტროფა (1:7) განიცადა, პირთამდე გაივსო.
ბრაზილიას თუ თავიდან გოლი ვერ გააქვს, უმეტესად შემდეგ პრობლემები ეწყება და საინტერესო იყო, როგორ წარიმართებოდა შეხვედრა ამჯერად.
თავიდანვე ნათელი შეიქნა, რომ თამაში ხისტი იქნებოდა, ფეხბურთელები მჭიდროდ მეურვეობდნენ ერთმანეთს, მოედნის ყოველ მონაკვეთზე ბრძოლა მიდიოდა. ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ, პირველი მომენტი  სტუმრებმა შექმნეს – მე-16 წუთზე პარედესის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.
ანგარიში კი გებრიელ ჟეზუსმა დანი ალვეშის მიერ წამოწყებული ლამაზი დრიბლინგის შემდეგ გახსნა. აქედან მოყოლებული შესვენებაზე გასვლამდე ბურთს უფრო ხშირად პატაგონიელები აკონტროლებდნენ და აგუეროს თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
მოკლედ, თამაში სამხრეთამერიკულზე უფრო ევროპულს ჰგავდა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ყველა ბებერ კონტინენტზე ასპარეზობს და პირველი ტაიმი ტიტეს გუნდმა 1:0 მოიგო.
მეორე ტაიმში სტუმრები დიდი ძალებით, თუმცა ქაოტურად უტევდნენ, მესიმ ბურთი ძელს გაარტყა, თითქოს ახლოსაც იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ მათი სუსტი დაცვა გაბრიელ ჟეზუსის სწრაფი კონტრიერიშისას ჩავარდა, ფირმინომ მეორედ დაამწუხრა არმანი და ყველაფერი დასრულდა.
თითქოს ბრაზილიას რაიმე განსაკუთრებული არ უჩვენებია, მაგრამ პრაგმატულად იასპარეზა, ორი ნაღდი მომენტიდან ორივე გამოიყენა და ფინალში გავიდა.
ბელუ-ორიზონტი. “მინეირაო”
ბრაზილია – არგენტინა 2:0
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუსი (19), 2:0 ფირმინო (71)
ბრაზილია: ალისონი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, ალექს სანდრო, მარკინიოსი (მირანდა 64), კოუტინიო, კაზემირო, არტური, ფირმინო, ევერტონი (ვილიანი 46), გაბრიელ ჟეზუსი (ალანი 80).
არგენტინა: არმანი, ოტამენდი, ტალიაფიკო (დიბალა 85), პაცელა, ფიოტი, პარედესი, და პაული (ლო ჩელსო 67), მესი, აგუერო, აკუნა (დი მარია 59), მარტინესი.