შვიდკაცა ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს

0
6

საქართველოს ეროვნული შვიდკაცა ნაკრები, 13-14 ივლისს საფრანგეთში, ქალაქ კოლომიეში 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებს.

ჩვენმა გუნდმა ეს უფლება ევროპის გრან პრის პირველ ეტაპზე მეათე ადგილის დაკავებით მოიპოვა. მოსკოვის ეტაპი პარალელურად ოლიმპიური თამაშების შესარჩევის შესარჩევი ტურნირიც იყო და საფრანგეთის საგზურს ცხრა გუნდი იღებდა. რადგან ინგლისი და უელსი ოლიმპიადაზე გაერთიანებული სამეფოს, დიდი ბრიტანეთის სახელით გამოდის, საქართველო ცხრა მოწინავეს შორის მოხვდა საფრანგეთის, ირლანდიის, ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიის და რუსეთის ნაკრებებთან ერთად.

ამ ცხრა გუნდს კოლომიეში დაემატება „ალაფის“ ორი მოწინავე – ლიეტუვა და უკრაინა, რომლებიც გაისად გრან პრიზეც დაწინაურდებიან. ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის მე-12 მონაწილე უნგრეთია, რომელმაც წელს „კონფერენც დივიზიონი“ მოიგო.

საქართველო საფრანგეთში C ჯგუფში, ინგლისის, გერმანიის და ლიეტუვას ნაკრებებთან ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 13 ივლისს გაიმართება და საქართველოს დროით ჩვენი განრიგი ასეთია: გერმანია (14:22); ინგლისი (16:45) და ლიტვა (19:30). A ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია და უნგრეთი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, ესპანეთი, რუსეთი და უკრაინა მოხვდნენ.

14 ივლისი პლეი ოფის დღეა და თასის მეოთხედფინალში სამივე ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო, ასევე ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის. ტრადიციულად, ტურნირზე ყველა ადგილი გათამაშდება და გამარჯვებული ნაკრები ტოკიოს საგზურს მიიღებს, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნები ოლიმპიადის შესარჩევ, საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში გადაინაცვლებენ.