ანტეტოკუნმპო MVP გახდა!

0
16

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში განვლილი სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს. ყველაზე პრესტიჟული, MVP-ის ჯილდო „მილუოკი ბაქსის“ ბერძენმა სუპერვარსკლავმა, იანის ანტეტოკუნმპომ დაისაკუთრა.

24 წლის კალათბურთელმა გასულ სეზონში ფენომენალურად იასპარეზა და საშუალოდ 27.7 ქულას, 12.5 მოხსნას, 5.9 შედეგიან გადაცემას, 1.3 ჩაჭრას და 1.5 დაფარებას აგროვებდა.

2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეული „დალას მავერიქსის“ მსუბუქი ფორვარდი, ლუკა დონჩიჩი გახდა. სლოვენიელმა „ატლანტა ჰოუქსის“ გამთამაშებელს, ტრეი იანგს დამაჯერებლად აჯობა.

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ საუკეთესო დამცველის სტატუსი „იუტა ჯაზის“ ცენტრს, რუდი გობერს მიაკუთვნა. საუკეთესო „მეექვსე კაცად“ კი „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ უკანახაზელი, ლუ უილიამსი დასახელდა.

ხმის მიცემის შედეგად პასკალ სიაკამი გახდა მოთამაშე, რომელმაც ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა, ხოლო წლის საუკეთესო მწვრთნელად „მილუოკი ბაქსის“ თავკაცი, მაიკ ბუდენჰოლცერი აღიარეს.
აღსანიშნავია, რომ „ხარირმების“ წარმომადგენელმა კიდევ ერთ კატეგორიაში იმარჯვა. „მილუოკის“ გენერალური მენეჯერი, ჯონ ჰორსტი საუკეთესო აღმასრულებელი გახდა.