შემადგენლობა ფიჯისთან ფინალის ტოლფას მატჩში

0
4

17 ივნისს, საქართველოს დროით 20 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები წლევანდელი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ფიჯისთან გამართავენ.

ესაა ნახევარფინალი მე-9 ადგილისთვის, რომლის გამარჯვებული გაისად 12 ელიტარულ გუნდს შორის ადგილს დაიბევებს, დამარცხებულს კი, შესაძლოა, დარჩენის შანსი აღარც მიეცეს. მართალია 22 ივნისს დამარცხებული გუნდი მე-11 ადგილისთვის ითამაშებს, თუმცა მე-9 ადგილის ნახევარფინალში შოტლანდია იტალიას ეთამაშება. იტალია გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს და ის „ალაფაზე“ არცერთ შემთხვევაში არ დაქვეითდება. თუმცა, თუ ამ წყვილში იტალია გაიმარჯვებს, შოტლანდია ჩვენსა და ფიჯის შორის წაგებულ გუნდს სწორედ დარჩენისთვის შეხვდება.

განვლილი გზა

უმცროს ბორჯღალოსნებს ჯგუფურ ეტაპზე სამი ურთულესი მატჩი ჰქონდათ. მათ იბრძოლეს სამხრეთელ ბობოლებთან – ახალ ზელანდიასთან (13:45) და სამხრეთ აფრიკასთან (20:48), მაგრამ საცხრილო ქულა ვერცერთში აიღეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ილია მაისურაძის შეგირდებმა შოტლანდიას თამაში შემოუტრიალეს და 17:12 სძლიეს, რითაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მესამეადგილოსნებს შორის უარესი მაჩვენებლით და მაინც მე-9 ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა.

ფიჯიმ, რომელიც 12 გუნდში „ალაფიდან“ წელს აღზევდა, კარგი თამაშები ჩაატარა, თუმცა ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მაინც მე-12 ადგილზე დარჩა. კუნძულელებმა შარშანდელ ჩემპიონ საფრანგეთს ორი ლელო გაუტანეს და 20:36 დამარცხდნენ; ორი ლელო გაუტანეს მასპინძელ არგენტინასაც და 14:41; დასკვნით ტურში კი უელსს 67-ე წუთამდე ეომნენ, 4 ლელო გაიტანეს და მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა საბოლოოდ 28:44 წააგეს და ერთ ბონუს ქულას დასჯერდნენ. შედეგად, ფიჯი ასევე 1-ქულიან იტალიას გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსში 10-ით ჩამორჩა.

შემადგენლობა ფინალის ტოლფას მატჩში

ტურნირის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან. საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს და მწვრთნელებს 28-ვე მოთამაშის იმედი ექნებათ.

შერკინების პირველ ხაზში ლუკააზარიაშვილი, ლუკა ნიორაძე და გია ხარაიშვილი დადგებიან. ეს ის სამეულია, რომელიც შოტლანდიასთან მეორე ტაიმში თამაშობდა. წინა შეხვედრის შემდეგ უცვლელი დარჩა შერკინების მეორე ხაზის წყვილი – ლუკა გელაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე. 5 დღის წინანდელ მატჩთან შედარებით ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში და თამაშს კობა კოლოტაური იწყებს. მეორე ფლანკერად ადგილი შეინარჩუნა ბექა ყორიაულმა, ხოლო შემკვრელი იოანე იაშაღაშვილი იქნება.

ღერძად თამაშს იწყებენ მიხეილ ალანია და თედო აბჟანდაძე, რომლებიც ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყვნენ, შოტლანდიასთან შესვენებისას შეცვლაზე შევიდნენ და მატჩში გარდატეხა შეიტანეს. ცენტრში კვლავ სასტარტო შემადგენლობაშია დემურ თაფლაძე, რომელსაც ამჯერად ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა ოთარ ლაშხმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან დუბლი შასრულა, ხოლო მეორე ფრთაზე ზურა ქავთარაძე ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება თემურ ჭიჭინაძე.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
9-12 ადგილების ნახევარფინალი
საქართველო – ფიჯი (20:00 საქ.დრ.)

ხაზი | ბექები: 15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურა ქავთარაძე (ხარები), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);
შერკინება | ფორვარდები: 1. ლუკააზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).
მარქაფა16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი). |
თავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი