სტუდენტური ლიგის ახალი სეზონი იწყება

0
1

საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა მიმდინარე სეზონიდან ახალ ეტაპზე გადადის. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად ტურნირის თანაორგანიზატორი  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახდა.  პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კალათბურთისა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციების მიერ შემუშავებული დებულების თანახმად, სტუდენტური კალათბურთის ლიგის გამარჯვებული კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებული ტურნირის – „ა“ ლიგის საგზურს მოიპოვებს და შესაბამის დაფინანსებას, 60 000 ლარს  მიიღებს. გარდა ამისა, სტუდენტური გუნდებისთვის „ა“ ლიგაში მოხვედრა ნიშნავს შანსს, წარმატების შემთხვევაში, სუპერლიგაში გადავიდნენ.

პირველად, ისტორიაში, სტუდენტური ლიგიდან გუნდებს გზა პროფესიული კალათბურთისკენ ეხსნებათ, რაც კალათბურთში და ზოგადად სპორტში ახალგაზრდობის მეტად ჩართულობას შეუწყობს ხელს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს,  13 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის: სანაპიროს N4) გამართულ  პრესკონფერენციაზე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ არჯევანიძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ისაუბრეს.

პრესკონფერენციას დაესწრნენ სტუდენტური ლიგების მონაწილე გუნდების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

მიმდინარე სეზონის სტუდენტური კალათბურთის ლიგა 15 ივნისს დაიწყება და მასში 8 უნივერსიტეტის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან:

1.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
3.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
4.კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
5.საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
6.ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
7.ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი
8.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა სტუდენტური ლიგის კენჭისყრა, რომლის შედეგად ჩემპიონატში მონაწილე 8 გუნდი  2 ჯგუფში ( “ა” და “ბ”)გადანაწილდა.  რეგულარული ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც ჯგუფების ყველა მონაწილე გავა პლეი ოფში და მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. პლეი ოფის პირველ წრეში ერთმატჩიანი სერიები იქნება, ნახევარფინალური და ფინალური სერიები კი 2 მატჩისგან შედგება.

სტუდენტურ ლიგას ექნება საკუთარი გვერდი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (gbf.ge) და მატჩების მიმდინარეობისას განხორციელდება ტექსტური ლაივ-სტატისტიკა.