ერთა ლიგის ფინალში ჰოლანდია პორტუგალიას შეუწყვილდა

0
5
პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ერთა ლიგის ნახევარფინალში ჰოლანდიამ ოვერტაიმში ინგლისს 3:1 მოუგო. ჰოლანდიამ ჯგუფში საფრანგეთი და გერმანია მოიტოვა უკან, მისმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კი დაიქადნა, რომ გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გაძლიერდნენ და ინგლისელთა დამარცხებაში ღრმად დარწმუნებული იყო. ცნობისათვის, ინგლისმა ჯგუფში ესპანეთსა და ხორვატიას აჯობა.
30-ე წუთზე დე ლიგტმა საკუთარ საჯარიმოში რეშფორდი წააქცია, თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა გამოიყენა და პირველი ტაიმი ბრიტანელებმა 1:0 მოიგეს.
მეორე ტაიმი უფრო თვალსასეიროდ დაიწყო: ჯერ სილესენმა არ დაანება 5 მეტრიდან სანჩოს თავურით გოლის გატანა, შემდეგ კი პიკფორდმა შორი მანძილიდან დეპაის.
73-ე წუთზე დეპაის პასით დე ლიგტმა თავურით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე ბარკლიმ ლინგარდი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და ამ უკანასკნელმა ბურთი ნიდერლანდელთა კარში გადაგზავნა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.
97-ე წუთზე სტოუნზს ბურთი აეჭრა, დეპაის დარტყმული პიკფორდმა მოიგერია, მაგრამ პრომესთან ბრძოლისას უოკერმა ბურთი თავის კარში გაიტანა. მერე “სამი ლომის” გოლკიპერმა აქტიურ დეპაის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. სამაგიეროდ 114-ე წუთზე პრომესმა დეპაის გადაცემის შემდეგ დალაშქრა ინგლისელთა კარი.
დეპაიმ უკანასკნელ 3 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დე იონგი აღიარეს, რომელმაც 10 ორთაბრძოლა მოიგო, სამჯერ ჩაჭრა ბურთი და 105 გადაცემა 96%-იანი სიზუსტით გააკეთა.
9 ივნისს, პორტუში, ჰოლანდია ფინალში პორტუგალიას შეხვდება.
გიმარაეში. “აფონსუ ენრიკეში”. 25 711 მაყურებელი
ინგლისი – ჰოლანდია 1:3
გოლები: 1:0 რეშფორდი (32, პენ), 1:1 დე ლიგტი (73), 1:2 უოკერი (97, საკ. კარში), 1:3 პრომესი (114).
ინგლისი: პიკფორდი, რაისი (ალი 107), მაგუიარი, სტოუნზი, დელფი (ჰენდერსონი 77), სტერლინგი, ბარკლი, უოკერი, სანჩო (ლინგარდი 61), ჩილუელი, რეშფორდი (კეინი 46).
ჰოლანდია: სილესენი, დე ლიგტი, ბლინდი, დუმფრისი, ვან დეიკი, დეპაი, დე რონი (დე ბეეკი 68), ბერგვეინი (პროპერი 92), ვეინალდუმი, ბაბელი (პრომესი 68), დე იონგი (სტროოტმანი 113).