ოთარ კიტეიშვილი: “გიბრალტართან სამი ქულის მოპოვება აუცილებელია”

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მესამე ოფიციალური მატჩისთვის 26 ფეხბურთელით ემზადება. ეროვნულ ნაკრებში მყოფი რამდენიმე მოთამაშე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მათ შორის სოლომონ კვერკველია, გიორგი ნავალოვსკი და გიორგი პაპუნაშვილი. გიორგი აბურჯანია,რომელიც საქართველოში მოგვიანებით დაბრუნდა,  ნაკრებს შეუერთდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს კი, საქართველოს ნაკრები კვლავ ს.კ. “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გიბრალტარისა და დანიის საფეხბურთო ნაკრებებთან შეხვედრისთვის მზადებაზე საუბრობს:
„გასული სეზონი ჩემთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით სეზონის დასკვნითი ნაწილი. გიბრალტარი და დანია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გუნდები არიან. გიბრალტარს შინ ვეთამაშებით და სამი ქულის მოპოვება აუცილებელია, მითუმეტეს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში დავმარცხდით. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტოქე დავაფასოთ და მატჩისთვის სრული კონცენტრაციით მოვემზადოთ.
რაც შეეხება დანიას, ვფიქრობ, რომ ის ძალიან რთული მეტოქეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დანიელთა წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოპტიმალური შემადგენლობით თამაშს ვერ ვახერხებთ და თითქმის ყველა შეკრებაზე ორი ან სამი ფეხბურთელი გვაკლდება. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვფიქრობ, რომ გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც დანაკლისს შეავსებენ და გულშემატკივარს კარგ თამაშს უჩვენებენ.“