ბითაძეს სერბეთის ლიგის MVP-ის პრიზი იოკიჩმა გადასცა

0
29

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მორიგი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ჩვენებურმა ამჯერად სერბეთის ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული დაიმსახურა, რომელიც მას ნბა-ს სერბმა ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა გადასცა.

საინტერესოა, რომ გოგას ყველაზე ხშირად სწორედ “დენვერ ნაგეთსის” ცენტრს ადარებენ, ამდენად, ერთგვარი სიმბოლური ჟესტიც იყო. ეს ყველაფერი სერბული ლიგის მე-2 ნახევარფინალური მატჩის წინ მოხდა, რომელშიც ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” “ცრვენა ზვეზდასთან” 91:96 წააგო და სერია 0:2 დათმო.

სეზონის დასკვნითი შეხვედრა ბითაძისთვის შედეგიანი ნამდვილად არ ყოფილა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:42 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა, თითო პასი- ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.

გოგამ 5-დან ერთი ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ამგვარად, ბითაძემ სერბულ “მეგა ბემაქსში” ბოლო მატჩი ჩაატარა და ახლა, მთელს ყურადღებას NBA-ს მომავალ დრაფტს მიაპყრობს, რომელიც 20 ივნისს გახლავთ დაგეგმილი.